“ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება დაათბოს აშშ-სთან ურთიერთობები” – დავით უსუფაშვილი

“ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ტაქტიკურად სჭირდება თითქოს დაათბოს აშშ-სთან ურთიერთობები – “ოცნებამ” შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია,” – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ქართული ოცნებიდან” გასულ ოთხ დეპუტატზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა.

“პრეზიდენტის ნათქვამი, რომ გაემიჯნოს ოთხეულს, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ეჭვი არ ეპარება და ის, რომ ცალკე არიან, ეს იყო თამაში და ახლაც არის თამაში, პრეზიდენტმა თქვა – “დაასრულეთ ეს თამაში”. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს წერილები და მთავრობის მესიჯები ერთ ადგილზე იწერებოდა და ხმოვანდებოდა?! ახლა ტაქტიკურად ნიუ-იორკისკენ მიმავალ პრემიერს ცოტა არ იყოს სჭირდება ცოტა თითქოს დაათბოს ურთიერთობები, რადგან ყველა შესაძლო დონიდან ყველა ჩვენი მეგობარი უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია იმ სახელისუფლებო პოლიტიკის გამო, რასაც ბოლო ხანებში ეს ოთხეული ახმოვანებდა და დანარჩენები ძირითადად თავს უქნევდნენ. სამწუხარო ამბავია, “ოცნებამ” შინაგანად გადალახა ის რუბიკონი, რომლის შედეგადაც დემოკრატიული დასავლეთის მას ეშინია,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა მოისმინა და პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

“ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.