“ვინ ეკითხება კობახიძეს საკადრო ცვლილებას, გაიღვიძებს ივანიშვილი და შეიძლება ზებრა დანიშნოს მინისტრად”- პაატა მანჯაგალაძე

“ვინ ეკითხება კობახიძეს საკადრო ცვლილებას, გაიღვიძებს ივანიშვილი და შეიძლება ზებრა დანიშნოს მინისტრად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით “თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით”.

მისი თქმით, გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს და ამიტომ ვერ ამბობს კობახიძე, იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები.

“ამას არავინ ეკითხება კობახიძეს და ამიტომ ამბობს, რომ თუ რაიმეს გადაწყვეტენ, გავიგებთ. 5 წუთით ადრე ეტყვის ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე გაახმოვანებს. ამას გვეუბნებიან სწორედ ევროპელები, რომ არაფორმალური მმართველობა არის პრობლემა. არავინ აპირებს რევანშს და შურისძიებას, უსაფრთხოება გვინდა, მშვიდობა და ამიტომ გვინდა ევროპა.

პოლიტიკურად ვიტყვი, სხვანაირად არ გამიგოთ – ძალიან დამძიმებულია კობახიძე ამ აქციების შემდეგ და ასე თუ გააგრძელა, მართლა მჯერა, ისე დამძიმდება, შეიძლება ქვების სროლა დაიწყოს. მმართველი ძალა სატანისტებს ეძახის ახალგაზრდებს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ შევხვდებით? – გამარჯობის თქმაც არ მინდა. როგორ შეიძლება მომავალ თაობას, რომელიც თავისუფლებას, ევროპას ითხოვს, იმის გამო, რომ პუტინს ასიამოვნო, სატანისტი და ანარქისტი დაუძახო და მეორე დღეს დაწვა ევროკავშირის დროშა?! მერე ამას არ დასჯერდე, გამოხვიდე და თქვა, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მეტი ცხადი ღალატი რა უნდა მოხდეს? პუტინის ადგილას რას გააკეთებდა ვინმე იმაზე მეტს, რასაც კობახიძე და ღარიბაშვილი აკეთებს?! იანუკოვიჩმაც კი ვერ გაბედა ის, რასაც ესენი ლაპარაკობენ და აკეთებენ,” – განაცხადა მანჯგალაძემ.