ყველაზე მაღალი ხარისხის პოლარიზაცია არის მოთხოვნა მთავრობის გადადგომის შესახებ – როცა ამას ითხოვ, რა დეპოლარიზაციაზეა საუბარი?! ულტიმატუმის ენით საუბარი ევროკომისიის პირველივე რეკომენდაციის დარღვევაა! – აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების პუნქტები შეძლებისდაგვარად შეთანხმებით განხორციელდეს, მინიმუმი წინაპირობა პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაა.
კითხვაზე, დეპოლარიზაციის მისაღწევად რაშია თავად ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას მან დეპოლარიზაციის მიმართულებით და პირველი ნაბიჯი იქნებოდა თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების “გაყინული“ პროექტის მიღება, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ “საკონსტიტუციო ცვლილებები არ იქნებოდა“.
„პროპაგანდა იქამდეა მისული და ევროკომისიის პირველ პუნქტს ისე გადააბიჯებენ, რომ საზოგადოებას აზრს უბნევენ. დეპოლარიზაციის არსი რაშია? ევროკომისიის რეკომენდაციების დანარჩენი პუნქტები რომ შესრულდეს იმ კუთხით, რომ იყოს კონსტრუქციული დისკუსია, თანამშრომლობა და შეიძლება ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება, ამისთვის საჭიროა პოლარიზაციის ხარისხმა დაიკლოს.
პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ იქნება მაპოლარიზებელი რიტორიკის უარყოფა და შემცირება – მათ შორის ისეთი ეპითეტებითა და შეთქმულების თეორიებით საუბარი, როგორიცაა რუსული პროექტი, პუტინისტი და ასე შემდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.