მინდა, მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთი უსასტიკესი ფაქტის გამო ჩვენი სრული სოლიდარობა გამოვხატო – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს მიმართავს და კრემენჩუკში მომხდარ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“.

„მინდა, აქედან [ვატიკანიდან] მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთი უსასტიკესი ფაქტის გამო ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვხატო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუშინდელი სიხარული და ბედნიერება დაფუძნებულია იმ ღრმა იმედზე, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, რომელშიც ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმისას მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა.