ამ ადამიანებს იმის განცდა არა აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია – თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ხალხის სახელით ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც ამომრჩეველს არასდროს, არც ერთ არჩევნებზე აურჩევია.
მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს ვერასდროს დაამთხვია.
„დღეს, როცა ევროკავშირის აბსოლუტურმა ყველა ლიდერმა საქართველოს ევროპულ ოჯახში მიღების დასაწყისი მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა, ოპოზიციას სულ სხვა გეგმები აქვს. 12 – პუნქტიანი საკითხის ნაცვლად, საკუთარი ხუთ პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ თითქოს NGO-ს აფუძნებდნენ – ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება.
ასეთი ტიპის განცხადებები დისონანსის შეტანის მიზანს ემსახურება.
ჩვენი მხრიდან დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კონსულტაციები გაგრძელდება ყველა იმ საკითხზე, რაც სამივე ქვეყნის მიმართ არის წაყენებული. როგორც აქამდე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა, ასე გაგრძელდება მუდმივად. წინა ხელისუფლების დროს ევროინტეგრაციაზე მხოლოდ განცხადებები იყო, მაგრამ ქმედებებით მოხდა ის, რომ ჩვენს ორ რეგიონზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და ასევე, ძირითადი ენერგორესურსები ოკუპანტს გადასცეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.