ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც დავით არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს – სანდრო რაქვიაშვილი

ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც დავით არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოდან სანქციების გვერდის ავლა ხდება და დიდ მასშტაბზეა საუბარი, ეს სტატისტიკაშიც გამოჩნდებოდა. ამასთან, რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ეს მცირე მასშტაბით ხდება, უკრაინისთვის საინტერესო არ უნდა იყოს.

„უკვე აღარ მესმის “ტრენდი”, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. სანამ მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც “ქართული ოცნებიდან” მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბით, რომ ეს ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა – გაიზრდებოდა ნავთობის რეექსპორტი ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ,”- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ ივანიშვილი ჩაფლულია ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნების დახმარებაში და მან აშშ- ში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების მიზნით გამოყენებული სქემები, მათ შორის საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაც განიხილა.