მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად, განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა იქნება თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს – გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუ ეს უკანასკნელი კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ბუნებრივია, რომ მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად, განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა იქნება თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს, ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დეპოლარიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემო – ასე გამოიყურება საშინაო დავალების ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ, რეკომენდაციების სახით, 12 პუნქტად გასცა. მის შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლომდე აქვს.