დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა – ირაკლი ღარიბაშვილი

დაიწყეს აქციები მთავრობის გადადგომის, დამხობის და რევოლუციის მოთხოვნით, ეს სასაცილოა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათი გეგმების, სურვილების და ოცნებების თაობაზე, რომელიც ისევე ჩაფლავდება, როგორც სხვა დანარჩენი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე შეაფასა რიგი ოპოზიციონერების განცხადება, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისეები ჩარტერული რეისით უნდა გაეშვათ. ღარიბაშვილის თქმით, „როდესაც ერთვები სხვის ომში, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს“.

“ერთადერთი თეორიული შანსი, რაც ჩვენს დესტრუქციულ, რევანშისტულ ძალებს ჰქონდათ იყო ქვეყნის არევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და ომის პროვოცირება. 8 არჩევნებში წააგეს და ბოლოს, ეს გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი შემოიპარა საქართველოში ერთადერთი მიზნით, რომ მოეწყო რევოლუცია, სისხლისღვრა. ეს პირდაპირ ნიშნავდა ომის დაწყების პროვოცირებას, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ამ რისკის არ დანახვა არის დიდი უმეცრება და დანაშაული. ვიღაც მოდის და უნდა დაამხოს მთავრობა, ეს ნიშნავს დიდი უბედურების განხორციელებას და ომის დაწყებას.

საჯაროდ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მოხალისეების წაყვანას უკრაინაში საომრად, რაზეც არ გავეცით ნებართვა და განმარტებაც გავაკეთეთ. არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია მსგავსი რამ, საჯაროდ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ჩაერთონ საომარ მოქმედებებში. როდესაც ერთვები სხვის ომში, ეს რა თქმა უნდა, ნიშნავს ომის დაწყების სურვილს. გვახსოვს როგორ მოიქცა ხელისუფლება 2008 წელს, როგორ მიატოვა ჩვენი ჯარი. ომში იბრძვიან გმირები, გულანთებული, პატრიოტი ხალხი, რომელი პოლიტიკოსი ნახეთ ომში გარდაცვლილი? ჩვენი ჯარისკაცები შეეწირნენ გმირულად, პოლიტიკოსები კი ვნახეთ მიწაზე გართხმულები“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.