“უკრაინის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი”-

უკრაინის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა „იალტის ევროპული სტრატეგიის“ რიგით მე-17 ფორუმზე განაცხადა.

„უკრაინის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად უნდა განსაზღვროს, სად და როგორ აწარმოოს ომი, რადგან ის პასუხისმგებელია უკრაინელი ხალხის წინაშე ამ ომის მიზნებზე. ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიზანია, წვლილი შევიტანოთ უკრაინის მიზნების მიღწევაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინტერესი ამ ომში არის, წვლილი შეიტანოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, იქნება ეს მოლაპარაკებების გზით, თუ ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სალივანმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უკრაინის სამხრეთში და ხარკოვის რეგიონში უკრაინის ჯარების კონტრშეტევის დადებითი შედეგები აღნიშნა.

„ეს კონტრშეტევა, სხვა საკითხებთან ერთად, აჩვენებს, რომ არ შეიძლება უბრალოდ იმის თქმა, რომ რუსეთმა სამუდამოდ დაიპყრო ოკუპირებული ტერიტორიები და მოახვევს მათ თავის პოლიტიკურ წყობას. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, როგორც სამხედრო-ტაქტიკურ, ისე პოლიტიკურ-დიპლომატიურ დონეზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევას ლოჯისტიკით, მომარაგებით, იარაღით, აღჭურვილობით“, – აღნიშნა სალივანმა.