უკრაინიდან იძულებით 2.5 მილიონი ადამიანია დეპორტირებული – გაერო-ში უკრაინის ელჩის მოადგილე

გაერო-ში უკრაინის ელჩის მოადგილემ, ხრისტინა ჰაიოვიშინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის „ფილტრაციის“ სქემა დაგმო.

მისი თქმით, უკრაინელებს, რომლებსაც რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას აიძულებენ, კლავენ და აწამებენ.

ჰაიოვიშინმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ უკრაინის ათასობით მოქალაქე იძულებით დეპორტირებულია ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის იზოლირებულ და კრიზისით მოცულ რეგიონებში.

ელჩის თქმით, სულ დეპორტირებულია 2.5 მილიონი ადამიანი, მათ შორის 38 000 ბავშვი.

„უკრაინის მოქალაქეებს ატერორებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ „საშიში“ ადამიანების ძიების საბაბით. ისინი, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ ან უკრაინის მთავრობასთან ან მედიასთან კავშირშია, ნაცრისფერ ზონაში ქრება“, – განაცხადა დიპლომატმა.