“თუ კომპანია უკანონო მშენებლობას გააგრძელებს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული ხდება”- კახა კალაძე

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თუ დაჯარიმების შემდეგ კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამარტივდეს ჯარიმები უკანონო მშენებლობებზე.

 

კალაძის შეფასებით, პარლამენტთან ერთად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უკანონო მშენებლობების აღკვეთის შესაძლებლობას იძლევა.

 

„უკანონო მშენებლობები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო 2017 წელს, როდესაც ჩვენ აგვირჩიეს და დავიწყეთ მუშაობა დედაქალაქის მთავრობაში. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც შევეჩეხეთ, ეს იყო უკანონო მშენებლობები. ჩვენ გავზარდეთ ჯარიმები, გავამკაცრეთ რეგულაციები, თუმცა ამ ყველაფერმა ვერ შეძლო ამ სფეროს მოწესრიგება.

ამის შემდეგ, პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რის შედეგადაც დაჯარიმების შემდეგ თუ იგივე კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.