თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება

თბილისობის დღესასწაული პირველ-ორ ოქტომბერს გაიმართება,  – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი, წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე.

„მინდა, შევეხო თბილისობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია და უხდება ჩვენს ქალაქს. ეს ჩვენი მრავალწლიანი ტრადიციაა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის ცხოვრების ნაწილიც არის. წელს თბილისობა გაიმართება. იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა პირველ-ორ ოქტომბერს ჩავატაროთ თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება მასშტაბური ღონისძიებები.

თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ამ მოედნებზე არ ჩატარებულა თბილისობა და წელს გვექნება ამის შესაძლებლობა. თქვენ იცით, რომ გუდიაშვილის რეაბილიტაცია გასულ წელს დავასრულეთ და ულამაზესი სივრცე გამოვიდა, თავისი რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობებით. მოედანიც ჩვენი ქალაქისთვის ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს, გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები, კონცერტები მთელი დღის განმავლობაში.

რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი საკუთარი სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ განცხადებებსა და ინფორმაციას, მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარია კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებაზე, აქ შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება.

ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ყოველწლიური თანმდევი პროცესია საახალწლო ღონისძიებების, თბილისობის, იგივე გვაქვს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად მიზანმიმართული სიცრიუს პროპაგანდა მიმდინარეობს ყოველთვის, როდესაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, აუცილებლად უნდა მოატყუონ, ეცადონ მოატყუონ საზოგადოება, რომ თბილისის მერიას მილების ჩადება დაავიწყდა, თითქოს ჭის თავების წამოწევა დაგვავიწყდა და ხელმეორედ დავიწყეთ კონკრეტული ქუჩების გადათხრა და ა.შ. საზოგადოებამ კარგად იცის მათი ხელწერა. ეს ადამიანი ყოველდღიურად სიცრუის პროპაგანდით არიან დაკავებული. სიძულვილის ენა მათი ყოველდღიური თემა გახდა, რაც ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისობის დღესასწაულს მუნიციპალიტეტი გააკეთებს უმაღლეს დონეზე, სადაც ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები და სტუმრები დიდი სიამოვნებას მიიღებენ.

„ჩვენი ქალაქი იმსახურებს ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს და ჩამოსულ სტუმრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.