„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართა

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში ევროპის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

 

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიებაზე გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით, მუსიკალური წარმოდგენის – „უჩინმაჩინის ქუდი“ პრემიერა შედგა.

 

„ძველი ვოდევილის პერსონაჟები ახალი სიუჟეტური ხაზით გაერთიანდნენ, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების შერწყმით, მე-19 საუკუნიდან დღემდე,თბილისის ისტორიაში მოგზაურობას გულისხმობს.

 

გალაკონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

 

სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თბილისობა 2022“-სადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხვალაც გაიმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.