“თავდასხმა ელჩზე არის თავდასხმა ამ ელჩის ქვეყანაზე” – გიორგი თავდგირიძე

“თავდასხმა ელჩზე არის თავდასხმა ამ ელჩის ქვეყანაზე, ამ ელჩის ქვეყანა კი ერთადერთი და ქმედითი სტრატეგიული მოკავშირეა ჩვენთვის,” – ასე ეხმაურება აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს სამხედრო ექსპერტი  გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით,  მსგავსი დამოკიდებულება უპასუხისმგებლობაა და საქართველო ამ მხრივ სახიფათო ზღვარზეა.

 

„უპასუხისმგებლო ადამიანები არასდროს აკლდა საქართველოს, სიბრიყვისა და უგუნურების მრავალი მაგალითიც ბევრი გვაქვს საქართველოს ისტორიაში. არაფერი ახალი, არც სიბრიყვე უკვირს კაცობრიობას და არც უგუნურება, მაგრამ ერთ კვადრატულ მეტრზე თუ ერთ სულ მოსახლეზე საქართველო მყარად დაწინაურდა (შეიძლება რუსეთს ჩამოვრჩებით) და სახიფათო ზღვარზე ვართ.

მარტივი სქემაა, თავდასხმა ელჩზე არის თავდასხმა ამ ელჩის ქვეყანაზე, ამ ელჩის ქვეყანა კი ერთადერთი და ქმედითი სტრატეგიული მოკავშირეა ჩვენთვის. ამ მოკავშირის გარეშე დარჩენა კი რუსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩენის ტოლფასია. რუსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩენა კი იმ ახალგაზრდების სისხლია, რომლებიც მომავალში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირება,“– წერს გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, კელი დეგნანის კრიტიკით, კრიტიკის ავტორები ორი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეობას აყენებენ ეჭვქვეშ.

„ისინი ვინც კელი დეგნანის წინააღმდეგ ასე ხალისით და გავეშებული იბრძვით, ებრძვით აშშ-ს, ეჭვ ქვეშ აყენებთ სტრატეგიული მოკავშირეობას, წყალში ყრით იმ ადამიანების გარჯას და სისხლს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა დღემდე მოიტანეს, ურთულებთ მათ საქმეს, ვინც ამ ქვეყანაზე ხვალ უნდა იზრუნოს. უბრალოდ ძალიან გარეწრები ხართ,“– წერს გიორგი თავდგირიძე.