„საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის, „ევროპის უნივერსიადა 2022“ -ისა და ,,მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში’’ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 20 ოქტომბრიდან – 20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტმა.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლება, საუნივერსიტეტო სპორტში ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე, გამარჯვებული სპორტსმენებისა და გუნდების გამოვლენა, საქართველოს სტუდენტური ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა.

„ქართველი სპორტსმენების წარმატება ყოველთვის სასიხარულო და საამაყოა, სპორტის რა სახეობაც და რა მასშტაბის ასპარეზობაც უნდა იყოს ის. ჩვენ, ყველანი, განსაკუთრებული სიამაყით ვივსებით, როდესაც სპორტსმენები ახალგაზრდები არიან, როცა სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი, მათ ყოველდღიურობად, ცხოვრებისეულ პრინციპადაა ქცეული“. – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სივრცე განათლების გარდა, სპორტისა და კულტურის კერაც იყოს. უნივერსიტეტებიდან წამოსული ახალგაზრდული ენერგია და ჟინი ჩვენი ქვეყნისთვის ფასდაუდებელია”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’-ის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულებს, ასევე ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ისა და ,,მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში’’ საპრიზო ადგილის მფლობელები მედლებით, თასებით, სიგელებით დაჯილდოვდნენ და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თბილისის საკრებულოს წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრნენ.