გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა თბილისის კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმღები პირები მოინახულეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა,  საბჭოს წევრებთან ერთად,  კამპანიის „არა ქალზე ძალადობა“-ს ფარგლებში,  თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების მომსახურების მიმღები პირები მოინახულა  და საჩუქრები გადასცა. 

როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა,  ყოველდღიურად მზარდია ასეთ ცენტრებში მიმართვიანობა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და სარეაბილიტაციო ცენტრებს.

,,ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ყველამ,  რომ  როგორმე ეს შემზარავი სტატისტიკა შევამციროთ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, თითოეულმა ამ ადამიანმა იგრძნოს საზოგადოების მხარდაჭერა და იცოდნენ, რომ მათ სახელმწიფო იცავს,’’- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების 5 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს.  კრიზისული ცენტრი სახელმწიფო მომსახურებაა და განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე, სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. კრიზისული ცენტრი ამ პირებს სრულიად უფასოდ სთავაზობს ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასა და დახმარებას.  ნებისმიერ ადამიანს კი შეუძლია ისარგებლოს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზით 116 006.

თბილისის ძალადობის მსხვერპლთა დაწესებულების უფროსმა ინდირა რობაქიძემ გენედრული თანასწორობის საბჭოს წევრებს   ცენტრი  დაათვალიერებინა და მუშაობის სტრუქტურა გააცნო.

აღსანიშნავია, რომ  გენდერული თანასწორობის საბჭო   გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას  თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან თანამშრომლობით  ახორციელებს. 

აღნიშნულ კამპანია, რომელშიც  საჯარო და  კერძო სექტორის წარმომადგენლები  მონაწილეობენ ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილი“, ფიტნეს კლუბის  „წრე“ და „ნატალი ჯგუფი“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.