აშშ-ის გაზეთ „ფილადელფია ინქუაირერში“ (The Philadelphia Inquirer) გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს" ქართული კერძები" (ავტორი - მაიკლ ქლაინი), რომელშიც გადმოცემულია თუ როგორ გაიხსნა ქალაქ ფილადელფიის ცენტრში, ჩესტნათ-სთრითზე ქართული რესტორანი „საქართველო“, ვინ არიან მისი მფლობელები, როგორი კერძებია რესტორანში და ა.შ.
2022 წელს ფილადელფიის ცენტრში ორი ქართული რესტორანი გაიხსნა, რომელშიც ქართულ ეროვნულ კერძებს ამზადებენ. პირველი სექტემბერში - „სამი ცომის“ სახელწოდებით, Reading Terminal-ის ბაზართან ახლოს, მეორე კი ნოემბერში, სახელწოდებით „საქართველო“ [Sakartvelo] - ასე ჰქვია ქართველთა ქვეყანას ეროვნულ ენაზე.
ქართული სამზარეულო ფილადელფიაში პირველად ცნობილი ხუთი წლის წინ გახდა, როცა „საქართველოს“ დღევანდელი თანამფლობელი იმედა ლონდარიძემ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში „ქართული პურის საცხობი“ (Georgian Bread) გახსნა. სწორედ იმ დროს ჩვენი გაზეთის თანამშრომელმა კრეიგ ლაბანმა თონეში გამომცხვარი ნავის (კანოეს) მსგავსი პური - „შოთი“ დააგემოვნა და ძალიან მოეწონა. მოგვიანებით იმედა ლონდარიძემ ქართული პურის საცხობი გახსნა რეისტერთაუნში (მერილენდის შტატში). რესტორანი „საქართველო“ ქართული პურით Georgian Bread-დან მარაგდება.
იმედა ლონდარიძემ თავისი საქმიანი პარტნიორი დავით ლეკიშვილი 15 წლის წინ გაიცნო თბილისში, აშშ-ის საელჩოში, როცა ორივე ვიზას აფორმებდა.
მათ რესტორანი „საქართველოს“ ინტერიერი ქართული ეროვნული კოლორიტით გააფორმეს, კართან დადგეს ორი მანეკენი ტრადიციული კავკასიური ტანსაცმლით. მენიუც ქართულია - აჯაფსანდალი, ჩაქაფული, ხინკალი, „ოსტრი“, აჭარული და იმერული ხაჭაპური...
ზოგიერთ კერძს ჭამის თავისი წესი აქვს: მაგალითად, ხინკალს, რომელიც გარეგნულად ჩინურ ლუნგ-ბაოს გვაგონებს: მას თითებით აიღებთ, მოკბეჩთ, წვენს გამოსწოვთ, შიგთავსს შეჭამთ და „ჭიპს“ (ნახვევს) დატოვებთ. თან დააყოლებთ ქართულ ლიმონათს - „ნატახტარს“ (მსხლით ან ტარხუნით).
წყარო









