საქართველო უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნად – ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი

საქართველო უნდა მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნად, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, „მიამიტები არ ვართ და გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი“.

ვინიკოვის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს შეუერთდეს, ორი საკითხის შესრულებაა აუცილებელი. პირველი – საქართველო უნდა შეესაბამებოდეს ნატო-ს მოთხოვნებს წევრობისთვის და მეორე – უნდა შედგეს კონსენსუსი მოკავშირეებს შორის, რომ მათ სურთ საქართველოს ალიანსში ხილვა.

„იმისთვის, რომ ქვეყანა მიიწვიონ ნატო-ში გასაწევრიანებლად, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა, საჭიროა, რომ ორი რამ იყოს შესრულებული. პირველი არის ის, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად და შეესაბამებოდეს ნატო-ს მოთხოვნებს წევრობისთვის. ეს მოთხოვნები იმაზე მეტია, ვიდრე უსაფრთხოება და თავდაცვა, რადგან ალიანსს უერთდება მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტი კი არის ის, რომ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული მოკავშირეებზე დაყრდნობით, კონსენსუსით, რომ მათ სურთ ქვეყნის მიწვევა ალიანსში, რადგან ეს ორგანიზაციის, როგორც ერთიანობის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ფოკუსი უნდა იყოს იმაზე, რომ საქართველო მოემზადოს ევროატლანტიკური რეფორმების გასატარებლად, რომელიც მან თავად დასახა მიზნებად. ბოლო წლის-წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით, სადაც იმპულსის შენელება შევნიშნეთ, ვისურვებდით, რომ საქართველომ უპასუხოს ამ გამოწვევებს/პრობლემებს, რომ იმპულსი აღდგეს. კონკრეტულად შეგვიძლია ვახსენოთ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მეთვალყურეობის პრობლემა, ასევე სასამართლო და მომავალი საარჩევნო რეფორმები. ამას ხაზი გაუსვეს მოკავშირეებმაც, რომლებსაც სურთ რეფორმების უფრო დინამიკური იმპლემენტაცია“,- განაცხადა ვინიკოვმა.