სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს – შალვა პაპუაშვილი

სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გეგმისთვის, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს, ყველა პასუხისმგებელი კომიტეტი და ასევე გაწერილია ვადები, ამ საკითხების გასავლელად და დეტალურად დასაგეგმად.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მიღებული მოთხოვნების შესასრულებლად, ძირითადი საქმე პარლამენტის გასაკეთებელია.

„იმ გეგმაში, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, გაწერილია პასუხისმგებელი კომიტეტები, ასევე ვადები ამ საკითხების გასავლელად, უფრო დეტალურად დასაგეგმად. მქონდა კომუნიკაცია კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მათ შორის ცალკეული საკითხებია, რომელთაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, უნდა გავუწიო კოორდინაცია, კერძოდ დეპოლარიზაციის საკითხებს. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ პროცესს, მათ შორის მეც მექნება შეხვედრები, რომ ფორმატები შევათანხმოთ პარლამენტის სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, ისე როგორც არასამთავრობო სექტორთან.

რაც შეეხება ამ ფორმატებს, სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს. ასე რომ, სხვა რა ფორმატი შეიძლება იყოს, როდესაც არის მცდელობა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ამა თუ იმ საკითხზე?! – ამ ფორმატს ჰქვია სამუშაო ჯგუფი. ძირითადი საქმე არის პარლამენტის გასაკეთებელი, განსაკუთრებით ის საკითხებში, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებას, თუმცა, ამავე დროს, დეპოლარიზაციის საკითხსაც; გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი, ორგანო, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფი არის თავმოყრილი, ხანდახან სწორედ პოლარიზაციის და ასევე, დეპოლარიზაციის საფუძველია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.