ევროპა მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ერთიანობისკენ, ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს განცალკევებისკენ, დაპირისპირებისკენ – გურამ მაჭარაშვილი

ჩემი აზრით ეს სახელი უნდა შეცვალონ და „შინ ევროპისკენ“ ნაცვლად, დააწერონ -„არა ევროპისკენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„იმიტომ რომ მათი მოწოდებები – მთავრობის გადადგომა, წალეკვა, დესტრუქციული აქციები, აბსოლუტურად არაევროპულია. ევროპა მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ერთიანობისკენ, ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს განცალკევებისკენ, დაპირისპირებისკენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

აქცია „შინ ევროპისკენ“ საღამოს 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაიწყო. ადგილზე შეკრებილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საზოგადოება აქციის ორგანიზატორებისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ითხოვდნენ. ორგანიზატორებმა კი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ოფისისკენ წასვლა მოსთხოვეს, რამაც აქციაზე მყოფი ხალხის გარკვეულ ნაწილში, მათ შორის სტუდენტებში, უკმაყოფილება გამოიწვია. „ნაცმოძრაობის“ მომხრეები აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა პარალელურად აჟღერებდნენ საკუთარ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ.