მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. აქცია „შინ ევროპისკენ” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მთელი ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაათენეს.

მისი თქმით, არ დაიშლებიან მანამ, ვიდრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხალხის ხმას არ გააგონებენ.

„როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი. წარმოიდგინეთ, როდესაც ქუჩაში გამოვა ისევ ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიციელების საკმარისი რაოდენობა არ ეყოფათ, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისგან დაიცვან. მადლობას გიხდით ყველას, ჩვენ აქ ჯერ კიდევ ვრჩებით. ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ მისულა მთავრობის ადმინისტრაციაში და ამოცანა კვლავ ძალაშია, მას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტის ხმა”,-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გონივრული ვადა მისცეს, რათა კანცელარიის შესასვლელი გაათავისუფლონ.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამის განმავლობაში დარჩნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა განმარტა, ვინაიდან დღეს დილით მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს, სწორედ ამიტომ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, რათა დისკომფორტი შეუქმნან მთავრობას.