„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას და დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად მონიტორინგის ჯგუფის შექმნას იწყებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არა უგვიანეს 29 ნოემბრისა“, – განაცხადა კობახიძემ.

გარდა კანონპროექტისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ანგარიშებს ყოველკვირეულად წარუდგენს.

როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯგუფის შემადგენლობაში საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი.

„დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით. ჯგუფი განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ. მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პარტიებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე. დეპოლარიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ. პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა კობახიძემ.