სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს მიმართავს და ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა.

„საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას საბჭოთა ოკუპაციის 70 ხანგრძლივი წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, მას არასდროს შეუწყვეტია ამ გზის ძიება, დემოკრატიისა და ევროპის გზაზე წინსვლა, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.

„გერმანიამ საკუთარი ისტორიიდან იცის, რომ კედლებმა ევროპელები ერთმანეთისგან არ უნდა გაყოს. როგორც საქართველოს უძველესი პარტნიორი და მეგობარი, ჩვენ დღეს თქვენი იმედი გვაქვს, დაეხმაროთ საქართველოს მის გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში“, – მიმართავს გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს სალომე ზურაბიშვილი.

„როგორც ისტორიული ქვეყანა ევროკავშირისთვის, როგორც პატარა ქვეყანა, რომელმაც იცის საზოგადოების ნაწილად ყოფნის მნიშვნელობა, ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ ეტაპზე, თქვენს მხარდაჭერას ვითხოვთ“,- მიმართავს ზურაბიშვილი ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კრუსს.

„როგორ ქვეყანამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიარა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ გზა, სხვებზე კარგად იცით, ამ ინტეგრაციის ფასი და ღირებულება. ჩვენ ველით ისტორიულ და ეგზისტენციალურ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია ხორვატიის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი ასევე მიმართავს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას – „საქართველო და პოლონეთი იზიარებენ ტრაგიკულ საერთო წარსულს. ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის ოკუპაციურ წარსულს. ამ დროს ჩვენ თქვენი მხარდაჭერის, სოლიდარობის, პოლონეთის ძმობის იმედი გვაქვს, რათა მხარი დაუჭიროთ ჩვენს გზას ევროპისკენ“.

„ჩვენ ველით ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველო ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ჩვენი ხალხის ნებაა. მიუხედავად საბჭოთა ოკუპაციისა და ჩვენი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული“, – მიმართავს სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს.