ევროპას სჭირდებოდა საქართველოს განცალკევება, რადგან ვერ დაითანხმეს ხელისუფლება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაეხსნათ – ჯონდი ბაღათურია

ევროპას სჭირდებოდა საქართველოს განცალკევება, რადგან ვერ დაითანხმეს ხელისუფლება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაეხსნათ, – ასე შეაფასა “ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, ევროკომისიის რეზოლუცია.

აღნიშნულის შესახებ პოლიტიკოსმა რადიო “ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” მალხაზ გულაშვილთან ერთად ისაუბრა.

“ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუცია. უკრაინა, რომელიც ახლაც კი, ომის პერიოდში, იხრჩობა კორუფციის ჭაობში, ჩვენთან ასეთი რამ ნამდვილად არ ხდება. მოდი, პირდაპირ ვთქვათ რა, არც უკრაინისთვის, არც მოლდოვისთვის და არც საქართველოსთვის, არავინ ფიქრობს ევროკავშირის გაწევრიანების უფლების მიცემას. ახლა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე ომით უკრაინა ამხელა მსხვერპლს იღებს კოლექტიური დასავლეთისთვის, რათა რუსეთი დაასუსტონ, ევროპამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მათ სჭირდებოდათ გამოკვეთა საქართველოსგან და ასე ვთქვათ, ჩანისკარტება საქართველოსთვის, რადგან საქართველოს ხელისუფლება ვერ დაიყოლიეს, რომ მეორე ფრონტი აქ გახსნილიყო, ამიტომაც შექმნეს დამატებითი მოტივაცია ე.წ. მეხუთე კოლონისთვის, რომ იყვირონ, აი, თურმე რატომ არ გვიშვებენ ევროკავშირში”, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.