რუსეთი სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავებს შლის – Reuters

 რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Aeroflot-ი, შლიან ავიალაინერებს, რათა უზრუნველყონ სათადარიგო ნაწილების მიწოდება, რომელთა ყიდვა აღარ შეუძლიათ დასავლეთის სანქციების გამო – ინფორმაციას Reuters-ი  ავრცელებს.

რუსეთის მთავრობამ ურჩია ავიაკომპანიებს, გამოიყენონ ზოგიერთი თვითმფრინავი სათადარიგო ნაწილებისთვის, რათა დანარჩენმა თვითმფრინავებმა განაგრძონ ფრენა სულ მცირე 2025 წლამდე.

 ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს Sukhoi Superjet 100-ისა და Airbus A350-ის დემონტაჟი. წყარო ასევე დასძენს, რომ Airbus A350 თითქმის ახალია. ორივე თვითმფრინავი “აეროფლოტის” განკარგულებაშია.

Reuters-ს ასევე მოჰყავს თვითმფრინავების გადაადგილების თვალთვალის პლატფორმის Flightradar24-ის მონაცემები.

სააგენტოს ცნობით, “აეროფლოტის” ავიაპარკში არსებული თვითმფრინავების 15%-ს (50 თვითმფრინავი) ივლისის ბოლოდან ფრენა არ განუხორციელებია. ამავდროულად, 7 Airbus A350-ს საერთოდ არ უფრენია ბოლო 3 თვის განმავლობაში.

წყარო ასევე იტყობინება, რომ აეროფლოტის რამდენიმე თვითმფრინავიდან (Boeing 737 და Airbus A320) უკვე ამოიღეს სათადარიგო ნაწილები.

რუსული საჰაერო ფლოტის უმეტესი ნაწილი შედგება დასავლური სამგზავრო თვითმფრინავებისგან. რუსული წარმოების Sukhoi Superjets-ი ასევე დიდად არის დამოკიდებული უცხოურ ნაწილებზე.  ერთი სუპერჯეტიდან უკვე ამოღებულია ძრავი, რათა მეორე სუპერჯეტმა გააგრძელოს ფრენა.

დასავლური საავიაციო ინდუსტრიის წყაროს თქმით, რუსეთის თვითმფრინავების განადგურება “მხოლოდ დროის საკითხია”.

ახალი თაობის თვითმფრინავები – A320neo, A350, Boeing 737 MAX და 787 – აღჭურვილია ტექნოლოგიებით, რომლებიც მუდმივად განახლებას საჭიროებს.

სანქციების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ თანამედროვე თვითმფრინავების ექსპლუატაციის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, თუნდაც რუსეთის მაღალგანვითარებული და კომპეტენტური საინჟინრო ბაზისთვის.

თვითმფრინავების ექსპლუატაციაში დაბრუნება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ჩამორთმეული ნაწილები დაბრუნდება, თუმცა ეს სულაც არ აღადგენს დეფიციტს, რომელიც საჭიროა მსოფლიო ბაზრებზე ხელახლა შესვლისთვის. ბევრ ნაწილს შეზღუდული მომსახურების ვადა აქვს.

Aeroflot-ის ფლოტის თითქმის 80% შედგება Boeing-ისა და Airbus-სგან. მას ჰყავს 134 Boeing-ი და 146 Airbus-ი. 

რუსული გადამზიდავები დასავლეთის სანქციების გამო მცირე მარშრუტებზე დაფრინავენ. შედეგად, არსებობს გამოუყენებელი თვითმფრინავები, რომლებიც შეიძლება გაუქმდეს.

2030 წლამდე რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის განვითარების გეგმის მიხედვით, რუსეთს შეიძლება შეექმნას ყველაზე დიდი პრობლემები A350 და Bombardier Q სერიებთან დაკავშირებით, რადგან მათი მოვლა საზღვარგარეთ ხდება.

რუსეთის მთავრობის რჩევა ითვალისწინებს “ავიამფრინავის ფლოტის გარკვეული ნაწილების ნაწილობრივ დემონტაჟს”, რაც 2025 წლის ბოლომდე ფუნქციონირებადი უცხოური ფლოტის ორ მესამედს შეადგენს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და “აეროფლოტმა” არ უპასუხეს Reuters-ის კითხვებს.

უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესეს, რამაც გავლენა მოახდინა საავიაციო ინდუსტრიაზე.

სანქციების ფარგლებში, აიკრძალა რუსული ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიყიდვა ან ტექნიკური მომსახურების გაწევა.