თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT–ის ვებ-საიტზე, რუბრიკით „კუთხე-კუნჭული“, გამოქვეყნდა სტატია, რომელიც აჭარის მაჭახელის რეგიონს ეძღვნება. პირველი პუბლიკაცია სათაურით „თურქული და ქართული მაჭახელი – ორად გაყოფილი რეგიონი“ ეხებოდა ისტორიულ მომენტებს (https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2023/08/08/kut-xe-kunchuli-nomeri-49-2022-2023-2021399, მეორე – დღევანდელი – თურქული მაჭახელის სიტუაციას ასახავს.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
თურქეთის მაჭახელის შესახებ საუბარს ისევ ვაგრძელებთ. წინა გადაცემაში როგორც ვთქვით, თურქეთის საზღვრებში მოქცეულ მაჭახელის (მაჭახლის) რეგიონს თურქულად ჯამილის უწოდებენ. ართვინის, ბორჩხას დიდ რეგიონში შემავალი ჯამილის რეგიონის მთავარი სოფელი თავად ჯამილია. მთლიანად მაჭახლის რეგიონი თავისი სოფლებით, იუნესკოში შესულ სოფელ ჯამილის ბიოსფერულ ნაკრძალს უწევს მასპინძლობას. ეს უნიკალური კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და ძველი ტყეები გარემოს დაცვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა და როგორც ვთქვით იუნესკოს მიერ „კონტროლდება“. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურქეთში უკვე საკმაო პოპულარობით ცნობილი იოგათი დაკავებული ჯგუფებისთვის ყველაზე წარმტაცი გაჩერება სწორე მაჭახელია. აქ არსებული ხელუხლებელი ბუნების ძალა და ენერგია მედიტაციით გატაცებულ ჯგუფებს იზიდავს. ადგილობრივებისთვის ეს ერთგვარი შემოსავლის წყაროდაც იქცა. ახალ-ახალი საოჯახო პანსიონატები სწორედ ამ ტყეების სანახავად ჩამოსულთათვის გაიხსნა და ადგილობრივი ახალგაზრდა მოსახლეობისთვის დიდ ქალაქებში მიგრაციისგან თავის ასარიდებლად კარგი საშუალება გამოდგა.
მაჭახლის ბუნებრივი საფარის მრავალფეროვნება ფუტკრის სიუხვესაც იწვევს და ამიტომაც მაჭახლის რეგიონის სოფლების თაფლი განსაკუთრებულია. ის არა მარტო თურქეთში არამედ საზღვრებს გარეთაც გააქვთ. მას ყოველდღიური მოხმარებისათვის საუზმეზე და კონდიტერიაში, ასევე სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ. აქ მოყვანილი თაფლისა და ფუტკრის რძის მიღებით კი სიმსივნით დაავადების დროს იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიმართავენ ხოლმე.
მაჭახელში (სოფელ ჯამილიში) თაფლის ფესტივალებიც კი იმართება. ფესტივალზე რეგიონში მოყვანილი თაფლის ყველა სახეობაა წარმოდგენილი. აქ სოფლები ერთმანეთსაც კი ეჯიბრებიან ვინ უფრო კარგ თაფლს გამოჰფენს.
სოფელი ჯამილი კავკასიური ჯიშის ფუტკრის გამრავლებისა და გავრცელების ცენტრია. ფუტკრის ეს ჯიში ამ ტერიტორიაზე სხვა ჯიშებს არ ერევა და ბუნებრივ პირობებში არსებობას უკვე რამდენიმე საუკუნეა აგრძელებს. იმის გამო, რომ სწორედ აქ მცხოვრები ფუტკრები მაჭახლის რეგიონის მრავალფეროვანი ფლორით სარგებლობენ, ამიტომაც მათ წარმოქმნილ თაფლში კვებითი ღირებულება მაღალია. როგორც ვიცით, კავკასიური ჯიშის ფუტკარი დანარჩენ სახეობებთან შედარებით დიდი ხორთუმით გამოირჩევა, ამიტომაც ყვავილების გულის სიღრმემდე აღწევს და დიდი რაოდენობით ნექტარს მოიპოვებს. თაფლზე სწორედ ამ ყვავილების მრავალსახეობის გემრიელი და სურნელოვანი კვალი აღინიშნება.
მაჭახელში არსებული ტყის საფარი ენდემური სახეობებითაც გამოირჩევა, ამიტომაც მისი გაფრთხილება ორმაგად საყურადღებოა. თუმცა ადგილობრივებს გარემოს დაცვისა და გაფრთხილების ბუნებრივი ინსტიქტები თან სდევთ. მათ არანაირი სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი ან თუნდაც იუნესკოს წესდების შეხსენება არ სჭირდებათ, მათ თავიანთი ტყის, მიწის ფასი ყველაზე უკეთ იციან. მაჭახლის რეგიონში ნათესავები ან მეზობლები ერთმანეთზე ტყის გადაცემისას (სხვადასხვა მიზეზებით ხდება გადაცემა: გაყიდვა, გაცვლა, ან კიდევ თავად თუკი ვერ უვლის, სხვაზე გაჩუექება) სპეციალური ხელშეკრულება იდება, სადაც წერია, რომ ტყე გადაებარება მავანს და მას ევალება, ტყისთვის ოჯახივით გაფრთხილება.
აღნიშნულ რეგიონში „სკა“ სახელწოდების ფილმიც გადაიღეს ცნობილი გერმანელ-თურქი მსახიობის მერიემ უზერლის მონაწილეობით. ფილმი მაჭახლის რეგიონში მეფუტკრეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ფილმში მაჭახლის რეგიონის უნიკალური, ხელუხლებელი ბუნების კადრებიცაა გადმოცემული.