როგორ დაიცავს თავს დონალდ ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან? – რას წერს “როიტერი”

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს ანალიზიტიკურ სტატია-კომენტარს სათაურით როგორ დაიცავს თავს დონალდ ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან?“ (ავტორი – ჯეკ ქუინი), რომელშიც აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჯორჯიას შტატში წაყენებული ბრალდებები და ბრალდებულის გამართლების შესაძლებლობებია გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ახალი ბრალდებისგან სავარაუდოდ თავს სიტყვის თავისუფლების არგუმენტით დაიცავს და ხმების შესაძლო გაყალბებით გამოწვეულ შეშფოთებას მოიმიზეზებს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯიის სასამართლოში თავის დაცვა გაუჭირდება, რადგან ნებისმიერი მოტივაციის მიუხედავად, საქმე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი კანონს გამიზნულად არღვევდა.

“თუნდაც მას ეფიქრა, რომ იმის უფლება ჰქონდა, რაც ჩაიდინა, ეს არ ამართლებს თაღლითურ აქტივობას”, – ამბობს ყოფილი ფედერალური პროკურორი დანია პერი. მისი თქმით, “რომც გჯეროდეს, რომ ვინმე სხვას ბანკში შენი კუთვნილი ფული უდევს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაფლანგვის უფლება გაქვს”.

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს 15 აგვისტოს ახალი ბრალი წაუყენეს. ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის საბრალდებო დასკვნა დონალდ ტრამპს შეთქმულებაში და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს და მის თანაშემწეებს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის 41 პუნქტით წაუყენეს. აქედან 13 პუნქტი თავად ექს-პრეზიდენტს ეხება. მათში შედის რეკეტი, ყალბი განცხადებები და საჯარო მოხელეების კანონდარღვევისკენ წაქეზება.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობას აპირებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების გამოქვეყნებამდე, მან პროკურორი პარტიულ მიკერძოებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ფანი უილისი არჩევნებზე მისი გამარჯვების შანსების შემცირებას ცდილობს. “ეს მმართველი კლასის მხრიდან ხალხის არჩევანის შეზღუდვის სახიფათო მცდელობაა” – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

სამართლებრივი საქმის ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის დაცვის გუნდი ძირითადად დაეყრდნობა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს. მაგრამ, ჯერ კიდევ კითხვვის ნიშნის ქვეშაა ის, თუ რამდენად მოიცავს ეს მუხლი გაყალბებას, შეთქმულებას, მოქრთამვას და მსგავს ბრალდებებს.

არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა თქვან – მან არ იცოდა, თუკი კანონს არღვევდაო. დაცვის მხარეს შეუძლია ასევე განაცხადოს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რადგან პროკურორი ფანი უილისი მმართველი ძალის – დემოკრატიული პარტიის წევრს წარმოადგენს.

“ეს ყველაფერი ‘სიტყვიერი დანაშაულია” და სიტყვიერი დანაშაული შესაძლოა არც ისე სერიოზული იყოს, როგორც ფიზიკური ქმედება”, – ამბობს ბენეტ გერშმენი, ყოფილი ფედერალური პროკურორი. ის ახლა იურისპრუდენციის პროფესორია ფეისის უნივერსიტეტში.

მაგრამ, მისი თქმით, “ადვოკატები ძალზე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან თუ მათი არგუმენტაცია მტკიცებულებას არ დაეყრდნობა, ისინი დაისჯებიან”. გერშმენი აღნიშნავს, რომ დისციპლინარული სასჯელი 2020 წლის არჩევნების საქმეზე მომუშავე ბევრმა ადვოკატმა მიიღო, რადგან მათ დამამტკიცებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

წყარო