პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნებული იყო რენეგატობაზე, რა თქმა უნდა, განწირულია იმისთვის, რომ შიგნით ეყოლება რენეგატები. ეს არის ამ პარტიის ბედისწერა და ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნატალია ძიძიგურის განცხადებაზე, რომლითაც ის პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
„ვნახეთ ეტაპები, როცა პარტიას ადამიანები განუდგნენ. როცა სიყალბესა და რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია. მით უმეტეს, საუბრობდნენ იმაზე, როგორი დამოკიდებულებაა შიგნით. არ მინდა, ამ საკითხებს ძალიან ჩავეძიო, რადგან მათი პრობლემაა, ვინ რატომ წავიდა და რა იყო, ერთმანეთში გაარკვიონ. მართალია, ძალიან იპრანჭება პარტია „საქართველოსთვის“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში არ ვართო, მაგრამ მეორე პარტნიორი ამბობს, პარტნიორები ვართო. აღიარონ ეს პარტნიორობა, რაც უფრო პატიოსანი იქნება ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.