ომის 393-ე დღე -რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

რუსეთ-უკრაინის ომის 393-ე დღე

“ბახმუტის ირგვლივ რუსული ოპერაციების ტემპი ნელდება, მაგრამ რუსული ჯარები, სავარაუდოდ, ცდილობენ შეტევის დაწყებას სხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ავდიივკას მიდამოებში,” – ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ.

მათი განმარტებით, 22 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების შეტევითი პოტენციალი მცირდება.

“რუსული ძალები ახლა ზრდიან შეტევითი ოპერაციების ტემპს ავდიივკას გარშემო დასახლებული პუნქტის ალყაში მოქცევის მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსული ძალები ამას აკეთებენ ბახმუტის გარშემო ოპერაციებისა და უგლედარის გარშემო შეტევების შეჩერების ხარჯზე”, – ნათქვამია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშში.

ინსტიტუტის ანალიტიკოსების განმარტებით, 136-ე ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ადრე განაცხადეს, რომ უგლედარის რაიონში თავდასხმის ოპერაციებისთვის გადაჰყავდათ, თუმცა, 21 მარტს, ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა განაცხადა, რომ 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფები ავდიივკას მიმართულებით მოქმედებდნენ.

“დისლოკაციის ეს აშკარა ცვლილება სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსულმა ძალებმა უგლედარის წინააღმდეგ თავდასხმის განახლებასთან შედარებით პრიორიტეტი ავდიივკას გარშემო ოპერაციების გააქტიურებას მიანიჭეს”, – აცხადებენ “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანალიტიკოსები.

მათი შეფასებით, რუსული ძალების წინსვლამ შეიძლება აიძულოს უკრაინული ჯარები ბახმუტიდან და/ან ავდიივკადან უკან დაიხიონ, მაგრამ ეს პერსპექტივა, ამ დროისთვის, ნაკლებად სავარაუდოა.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა დღეში 4000-დან 7000-მდე საარტილერიო ჭურვს იყენებს. 

„ამჟამად, ბრძოლები იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ უკრაინა 4000-დან 7000-მდე ერთეულ საარტილერიო ჭურვს იყენებს დღეში. საბრძოლო მასალის დახარჯვის ამჟამინდელი მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე წარმოების მიმდინარე მაჩვენებელი“, – ამბობს სტოლტენბერგი. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, საჭიროა, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უფრო ამბიციური თავდაცვითი ღონისძიებები განახორციელონ და მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% თავდაცვის გაძლიერებაში ჩადონ.

თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მუქარას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაზე შესაბამისი რეაქცია ექნებოდათ.

კირბი რუსეთს ურჩევს, უკრაინის ტერიტორიიდან საკუთარი მებრძოლები გაიყვანოს, თუ ეშინია, რომ ეს ჭურვები ბრძოლის ველზე ტანკებს გაუნადგურებს. 

„ამ ტიპის საბრძოლო მასალა საკმაოდ გავრცელებულია და ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება. ვფიქრობ, ის, რაც აქ რეალურად ხდება, არის ის, რომ რუსეთს უბრალოდ არ სურს, რომ უკრაინამ გააგრძელოს მისი ტანკების მწყობრიდან გამოყვანა. თუ ეს მართლაც შემაშფოთებელია – თუ რუსებს ძალიან აღელვებთ, რომ მათი ტანკები გამართულ მდგომარეობაში დარჩნენ, მათ შეუძლიათ უბრალოდ გაიყვანონ ისინი უკრაინიდან; ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, თუ ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ თავიანთ ტანკებს საფრთხე ემუქრებათ“, – აღნიშნა ჯინ კირბიმ.