გაუგებარია კითხვა, თუ რას შვრებიან ის პარტიები, რომლებმაც არ მიიღეს მონაწილეობა სუს-ის სპეცოპერაციაში 4 ოქტომბერს, მე მაინტერესებს, ისინი რას შვრებიან, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პარტია 4 ოქტომბრის ჭრილში არანაირი გეგმის შეთავაზებას არ აპირებს, რადგან ამის საჭიროება არ დგას.

 

„ჩვენ ახალი გეგმა კი არა, იმის გააზრება გვჭირდება, 4 ოქტომბერს რა მოხდა. ჩვენ ვთავაზობდით კოლეგებს და ქართულ საზოგადოებას ალტერნატიული ქმედების გეგმას, იმავე 4 ოქტომბერს და ახალი გეგმის შეთავაზებას ამ ჭრილში არ ვაპირებთ. ჩვენ უკვე შევთავაზეთ, როცა ეს ავბედითი მოვლენები განვითარდა ალტერნატიული ქმედების გეგმა ბატონ პაატასაც და სხვა კოლეგებსაც საჯაროდ, ღიად საქართველოს ვუთხარით, რომ ეს იყო დღე როცა ყველა მსხვილ ქალაქში უნდა დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება". ეს იყო სრულიად შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი სუს-ის სპეცოპერაციებში მონაწილეობის ნაცვლად, რაციონალურ, პოლიტიკურ გზას დაადგებოდნენ, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. ამის შედეგები ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, საპირისპირო კითხვების დასმის ნაცვლად მოდი ყველამ გაიაზროს, ვის რა შეგვეშალა. მე არავის დადანაშაულება არ მინდა ცალკეულად, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, რომ ვინმეს მსგავს კითხვებს ვუპასუხო", - განაცხადა გეგელიამ.

 

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან".