“ნაციონალური მოძრაობის ყველა დანაყოფს გამოუსწორებელი წარსული და ევროპული მომავლის მტრობა აერთიანებს” – გიორგი ჩაკვეტაძე

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში არსებული შიდა დაპირისპირებები უკვე სააშკარაოზე გამოვიდა. ეს არის ხალხი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცებისთვის და თბილისელებისთვის მოპარულ ფულს ვერ ინაწილებს. ამასთანავე, თან ერთი ბელადის განსაცდელზე საუბრობენ და თან მეორე ბელადის, კეზერაშვილის კარზე ინაწილებენ გავლენებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ საქართველოს მოქალაქეებს ებრძოდნენ კომპრომატებით, ახლა უკვე ერთმანეთს ებრძვიან ამ მეთოდებით,’’-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყველა დანაყოფს ორი რამ აერთიანებს, ესაა: გამოუსწორებელი წარსული და ევროპული, მშვიდობიანი განვითარების მტრობა.

 

“ისინი ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ევროპულ პერსპექტივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც 12 პუნქტითაა განსაზღვრული და რომლებიც პრემიერის პრაღაში ვიზიტის დროს გაჟღერდა,’’-განაცხადა საკრებულოს წევრმა.

 

მან ასევე დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 105 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, ჩვენს ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებსა და რეფორმებს მოხმარდება; მათ შორის, სატრანსპორტო რეფორმასა, სოციალურ საკითხებსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას.