“მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ შეთანხმება გავაგრძელოთ სამინისტროში” – ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე

ჩვენ დღესაც მზად ვართ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებს დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა დავუფინანსოთ, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგანაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და „ვოზორიტიდთან“ მიმართებაში კითხვები, ამიტომ საბჭო მსჯელობს, რომ შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი საკითხის მოგვარებას „არ წაადგება“ და მშობლებს კონსტრუქციულ ფორმატში მუშაობისკენ მოუწოდა.

მინისტრ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტროს „კარი ღიაა“ და ნებისმიერ მხარეს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ფორმატის სამუშაო ჯგუფებში და ასევე, განხილვის პროცესში ჩაერთოს.

„ჩვენ არასდროს არავისთვის უარი არ გვითქვამს აღნიშნული იშვიათი დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე, ის საკითხი, რომ ბიუჯეტთან მიმართებით არის პრობლემა, არასდროს დაფიქსირებულა და კიდევ ერთხელ ამას ვადასტურებ. ჩვენ, ჩვენი სამინისტრო არც ერთი დღე არ შეჩერებულა ამ მიმართულებით და რამდენიმე მხარესთან აქვს მუდმივი და უწყვეტი კომუნიკაცია.

დღეს, რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის რომ, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს მცდელობა, აღნიშნული იშვიათი დაავადების გარშემო შექმნილი პრობლემები გამოვასწოროთ. ამ ხმაურის, დაძაბულობის ფონზე, მერწმუნეთ ძალიან რთულია, რომ პროცესი გაგრძელდეს. ე

პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე და სამინისტრო და დაინტერესებული მხარეები უნდა იყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგიდასთან. აქედან გამომდინარე, მე მინდა მშობლებს ვთხოვო და კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ შეთანხმება და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან, ყველა იმ ფორმატში, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ იშვიათი დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოგვაგვაროთ. თვითონაც ხედავენ, რომ ის, რაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში ხდება, არანაირად არ წაადგება ამ საქმეს და გაცილებით უკეთესია ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობა,“ – განაცხადა აზარაშვილმა.