კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს.

დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ დაცული იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ამასთან, კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ოფისმა სააკაშვილთან დაკავშირებით სამაგალითო სამუშაო შეასრულა.

„აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს. ჩვენ რეალურად ვაქებთ ომბუდსმენის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ეს ნამდვილად იყო სამაგალითო სამუშაო, როდესაც მონიტორინგს უწევდნენ მის სიტუაციას და უზრუნველყოფდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული ყოფილიყო. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები სააკაშვილს კვირაში ორჯერ სტუმრობდნენ უკანასკნელ კვირაში. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა დაცულია, რომ მისი სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებულია და მისი უფლებები დაცულია, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ ველოდებით იმის ნახვას, რომ ეს საკონსტიტუციო ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.