კანადამ ქართველი მეზღვაურების სამუშაო დიპლომები აღიარა

საქართველოსა და კანადას შორის მეზღვაურთა დოკუმენტების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი და ქართველი მეზღვაურებისათვის კიდევ ერთი დასაქმების ბაზარი გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანადის ფლოტში 660-მდე გემი ირიცხება, რომელთა საერთო ტონაჟი 2.9 მილიონს შეადგენს. კანადა 2010 წლიდან საზღვაო შრომის კონვენციის წევრი ქვეყანაა და მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სრულად დაცულია მეზღვაურების უფლებები და სამუშაო პირობები, ასევე, უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტები.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურებს, 72 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება, რომელთაგან 20-მდე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.