ჯერ არ დაგვისანქცირებია კონკრეტული პირები, თუმცა სანქციების დაწესებას არ დავაყოვნებთ -მეთიუ მილერი

მიღებული კანონი აშორებს საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან და შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია მოახდინოს, ახშობს შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, ეს ქმედებები ძირეულად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაიწყო აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა.

„სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს ქმედებას საქართველოს მთავრობის ქმედებებზე. ჩვენ ახალი სანქციების პოლიტიკა გამოვაცხადეთ. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამ საკითხს ასე დავტოვებ, თუმცა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მილერმა.

ამასთან, მილერს კითხვა დაუსვეს, რატომ არ ისაუბრა ენტონი ბლინკენმა აღმოსავლეთ ევროპაში გამართული ვიზიტებისას საქართველოზე.

„სახელმწიფო მდივანმა განათავსა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველ გადახედვაზე საქართველოსთან, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც საქართველოს ვუწევთ. ასევე, გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს. აქ შევჩერდები“, – განაცხადა მილერმა.