ისრაელისა და თურქეთის ლიდერები 2008 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

ისრაელისა და თურქეთის ლიდერები 2008 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. იაირ ლაპიდისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პარალელურად გაიმართა.

მხარეებმა ენერგეტიკის საკითხები განიხილეს. ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ლაპიდმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ითხოვს თავისი ოთხი მოქალაქის დაბრუნებას, რომელიც 2014 წლის შემდეგ ღაზას სექტორში დაიკარგა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ბოლო თვეებში დათბა. მათ შორის თანამშრომლობის მთავარ სფეროს ენერგეტიკა წარმოადგენს.