გვარამიას უნდა ეშინოდეს საკუთარი წარსულის, რადგან ის იყო ადეიშვილის მოადგილე, როდესაც ადამიანებს, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ – ირაკლი კობახიძე

რაც მეტი ორ და სამპროცენტიანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესი. გვარამიას რომ ეშინია საკუთარი წარსულის, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. მას, რა თქმა უნდა, უნდა ეშინოდეს საკუთარი წარსულის და მე შეგახსენებთ კონკრეტულ შტრიხებს მისი ბიოგრაფიიდან. ის იყო ადეიშვილის მოადგილე, გენპროკურორის მოადგილე, როდესაც ადამიანებს დასდევდნენ, აწამებდნენ, ციხეებში ყრიდნენ და ა.შ. ეს არის ერთი შტრიხი გვარამიას ბიოგრაფიიდან და მისი წარსულიდან, – ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ის იყო ასევე ერთ-ერთი ლიდერი იმ პროცესისა, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ძალადობრივად მის მისაკუთრებას.ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია. ზოგადად, ის ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც პირდაპირ რეპრესიებს ახორციელებდა ადამიანების წინააღმდეგ და ქვეყანაში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული სისტემა. როდესაც ის აღმოჩნდა ოპოზიციაში, ნახეთ როგორი იყო მისი როლი. თუ ვინმე პოლარიზაციას ახდენდა ეს იყო სწორედ გვარამია. პირდაპირ ბილწსიტყვაობდა ეთერში. ახლა უნდა რომ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებს დააბრალოს. ვიცით, რომ მას ჰქონდა და აქვს ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ ეს არ არის გამართლება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.