ჩვენ შეგვიძლია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება – ირაკლი კობახიძე

დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხდება პატია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება.

„რასაც ვხედავთ და ვაკვირდებით, ხდება პატია „ნაცმოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება. ამით აიხსნება, რომ, მაგალითად, ხაბეიშვილია დღეს პარტიის, თუნდაც ფორმალური, თავმჯდომარე. ამით აიხსნება, რომ ტელევიზიებში სხვადასხვაგვარად გადაანაწილეს რესურსები. მაგალითად „ტვ პირველი“ თითქმის მთლიანად წაიღო „ლელომ“. „მთავარში“ გაყოფილია რესურსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, „ფორმულა“ მთლიანად კეზერაშვილია და ა.შ. ანუ, რესურსების გადანაწილების მცდელობა აშკარად ჩანს. ამოცანაა, თუ ცოტა კიდევ ქვევით დაიწევს „ნაცმოძრაობა“, შეიძლება 5%-ს ზევით ამოიწიოს სხვა „ნაცმოძრაობამ“, როგორიც არის, მაგალითად „ლელო“ ან „ლელოსთან“ შექმნილი გაერთიანება. ეს არის რეალურად ის გეგმა, რასაც ვხედავთ. საზოგადოება დააკვირდება ამ ყველაფერს. ასეთი მცდელობები ადრეც იყო. 2016 წელს იყო მცდელობა, საზოგადოებისთვის „არანაცმოძრაობად“ შეესაღებინათ „ევროპული საქართველო“ და არ გამოუვიდათ. შემდეგ 2020 წელს იყო მცდელობა, რომ „ლელო“ შეესაღებინათ „არანაცმოძრაობად“ და არ გამოუვიდათ. 2021 წელს იყო მცდელობა, გახარია შეესაღებინათ ასეთ სუბიექტად და ესეც ჩავარდა. სამი ჩავარდნილი მცდელობა უკვე სახეზეა. მგონია, ეს მეოთხე მცდელობაც ასევე ჩავარდება და დიდი რესურსი ამ გეგმას არ აქვს. მაქსიმუმი, რაც შეიძლება შეძლონ, არის ის, რომ „ნაცმოძრაობა“ თუ აიღებს 15%-ს, ამ მესამე სუბიექტმა, ფსევდოშუაშისტურმა ნაციონალურმა სუბიექტმა შეიძლება, მოახერხოს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. ასეც და ისეც, არავითარი შანსი მათ არ აქვთ, რეალურად, დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში. ბოლო მონაცემებით, დეკემბრის ბოლოს მონაცემებით, ჩვენ გვქონდა 59 პროცენტი ალოკაციით. ასეთ პირობებში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაც კი შეგვიძლია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.