ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღსანიშნავად ვიდეო კონფერენცია გაიმართა

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, ვიდეო კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციის დასაწყისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენიმ, ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის მილოცვის წერილი წაიკითხა, სადაც  სი ძინპინი ქართველ ხალხს ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ულოცავს.

მისალოც წერილში ხაზგასმულია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობამ ორივე ქვეყანას სასიკეთო შედეგები უნდა მოუტანოს.

“გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს და გისურვებთ წარმატებას. ჩინეთი და საქართველო ტრადიციულად მეგობრები და პარტნიორები არიან. ეს ორი ქვეყანა 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ, რასაც სასიკეთო შედეგები მოაქვს,”– ნათქვამია მისალოც წერილში.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი მიულოცა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, საქართველოსა და ჩინეთს ბევრი საერთო აქვს. ორივე ქვეყანა დიდი ისტორიისა და განსაკუთრებული კულტურის მატარებელია.

„დღეს საქართველო და ჩინეთი  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.  გვსურს, მოგილოცოთ  ეს მეტად მნიშვნელოვანი თარიღი. 1992 წელს, ჩინეთმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამით ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩინეთი დღემდე ამ პოზიციას მტკიცედ  უჭერს მხარს, რისთვისაც გვსურს დიდი მადლიერება გამოვხატოთ. 

მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა მოახერხეს ჩამოეყალიბებინათ სამაგალითოდ მტკიცე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კავშირი. მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა საქართველოსა და ჩინეთს ბევრი  საერთო აქვს. ორივე ქვეყანა დიდი ისტორიისა და განსაკუთრებული კულტურის მატარებელია. ვფიქრობ, ეს მსგავსება აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ბიძგი მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოსა და ევროპისა და აზიის გზის გასაყარზე მდებარე საქართველოს შორის მეგობრული და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, ამ მოკლე დროის განმავლობაში ორმა ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მათ შორის განსაკუთრებულია  ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 

„საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი ტიპის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. დღეისათვის ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო და სავაჭრო პარტნიორია.

პოზიტიურია ამ ორ ქვეყანას შორის კონტაქტებისა და ვიზიტების დინამიკა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო სურვილი, ვეწვიო ჩინეთს ახლო მომავალში და წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაში. ასევე, მოვიწვიო ჩემი კოლეგა საქართველოში. 

კარგია, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდება ინტერესი ჩინეთის კულტურის, ტრადიციებისა და ენის მიმართ, ასევე, ჩინეთში – საქართველოს მიმართ. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გასულ წლებში ტურისტული ნაკადის ზრდა ჩინეთიდან.  ასევე, მსურს შევეხო ჩვენს თანამშრომლობას პანდემიის პერიოდში, როდესაც ჩინეთმა საქართველოს რამდენჯერმე  სამედიცინო ინვენტარი გადასცა. 

მჯერა, საქართველოსა და ჩინეთს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კონფერენციაზე ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრა საქართველოში ჩინეთის ელჩმა  ჭოუ ციენმა. მისი განცხადებით, ჩინეთმა და საქართველომ უნდა გააგრძელოს  ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და ორი ერის მიერ არჩეული განვითარების გზების ურთიერთპატივისცემა.

„დღევანდელი თარიღი ნამდვილად ღირსშესანიშნავია. 1992 წლის 9 ივნისს, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. ტრადიციულმა მეგობრობამ ახალ ეპოქას  დასაბამი დაუდო. 30 წლის მანძილზე ჩინეთი და საქართველო ერთმანეთს მუდამ პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ. პოლიტიკური ურთიერთნდობა კი მუდმივად იზრდება. ორი ქვეყნის ხელმძღვანელების თაოსნობით „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობით ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. საქართველომ ევრაზიის რეგიონში პირველმა გააფორმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე და საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა. ბოლო წლებში, ხალხთაშორისი და კულტურული თანამშრომლობაც სულ უფრო ძლიერდება. პანდემიის პერიოდში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც აქტიურად ვთანამშრომლობთ,“– აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ჭოუ ციენის თქმით, 30 წელი ისტორიის ახალი ამოსავალი წერტილია.

„მომავლის პერსპექტივების გათვალისწინებით, ორი ქვეყნის ხელმძღვანელების მიერ მიღწეული ურთიერთობა სისრულეში უნდა მოვიყვანოთ, ტრადიციული მეგობრობა გავაგრძელოთ და ერთმანეთის მხარდამხარ გაბედულად ვიაროთ წინ. 

ჩემთვის, როგორც საქართველოში დანიშნული ჩინეთის ელჩისთვის, ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, რომ ჩინურ-ქართული ურთიერთობები სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ჩინეთის საელჩო საქართველოში მზადაა თქვენთან ითანამშრომლოს, რათა ორ ერს შორის ურთიერთობები ერთად განვავითაროთ,“– განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

კონფერენციაზე ჩინეთ-საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმაც ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით იზრდება.

„ჩინეთი ერთ-ერთი იყო, რომელმაც  ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, რითაც მხარი დაუჭირა ჩვენს სუვერენიტეტს. აქვე დავადასტურებ, რომ საქართველო თავისთავად რჩება ერთიანი ჩინეთის პრინციპის უცვლელ მხარდამჭერად. 30 წლის მანძილზე, სხვადასხვა გამოწვევების მიუხედავად ჩვენმა ქვეყნებმა მტკიცე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება მოახერხეს. დიპლომატიური ურთიერთობების პირველივე დღეიდან, ჩვენს შორის განსაკუთრებული, საიმედო კავშირები დამყარდა, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა. 

სასიხარულოა, რომ ჩინეთი  საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად ჩამოყალიბდა. ჩინეთის საექსპორტო ნაწილი ქართულ ღვინოზე მოდის და ჩვენი პროდუქტის მიმართ ინტერესი მზარდია. 

გლობალურ პანდემიამდე აქტიურად ტარდებოდა მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები და შეხვედრები. იმედს გამოვთქვამთ, რომ პანდემიის დამთავრებისთანავე ახალი ენერგიით განვაგრძობთ მუშაობას. ველით ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამყარებასა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ზრდას,“-აღნიშნა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

კონფერენციაზე, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმაც ისაუბრა.

“ჩემთვის დიდ პატივია ამ ღონისძიებაზე დასწრება, რადგან ვსაუბრობთ ჩინეთზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა. მე ჩინეთში პირველად 2002 წელს ვიყავი და ამ ქვეყანასთან ურთიერთობის 20 წელი შემისრულდა. ჩინეთი გამოირჩევა თავისი სიძლიერით, სტუმარ-მასპინძლობით, მეგობრული დამოკიდებულებით და ეს ყოველი ნაბიჯზე იგრძნობა. მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ნათესავური კავშირი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დიდი სახელმწიფოა, ცივილიზაციით, ჩინეთი და საქართველო იმდენად ენათესავებიან ერთმანეთს, რომ ზოგჯერ ჩინეთში ყოფნისას მგონია, საქართველოში ვარ.

ის ურთიერთობები, რაც ჩინეთ-საქართველოს შორისაა, კარგია, მაგრამ უფრო მეტი გვჭირდება. მნიშვნელოვანია, გავააქტიუროთ ის საინვესტიციო პოტენციალი, რაც საქართველოს გააჩნია. ჩინეთს კიდევ უფრო მეტად სჭირდება მეტი საწარმო საქართველოში, რითაც ის ევროპასთან უმოკლესი გზით დაკავშირებას მოახერხებს. ასე, რომ ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩინეთი ეძებს გზებს, რომლიდანაც ერთ-ერთი  საქართველოზე გადის. მე ამ მხრივ, საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებოდი,”– განაცხადა მან. 

მალხაზ გულაშვილი იმედოვნებს, რომ პანდემიის დასრულებისთანავე პირადი ურთიერთობები უფრო გაღრმავდება, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას.

კონფერენციის მონაწილეები ასევე იყვნენ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრ „აბრეშუმის გზის“ პრეზიდენტი ლიუ-ყანდარელი კუანგვენი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე, „ალტე უნივერსიტეტის“ კონფუცის ინსტიტუტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი ზაურ ამილახვარი და მედია კომპანია “For You”-ს გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი.