ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი – ირაკლი კობახიძე

ის ტყუილები, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეზოლუციაში ქმნის უარყოფით ფონს, მაგრამ საბოლოო ჯამში კომისია და საბჭო საკუთარი განსჯის და მცდელობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ჩვენ დაველოდებით 23-24 ივნისს, როცა მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ. ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, ქმნის უარყოფით ფონს და ის ტყუილები, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეზოლუციაში ქმნის უარყოფით ფონს, მაგრამ საბოლოო ჯამში კომისია და საბჭო საკუთარი განსჯის და მცდელობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ყველა პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას და შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი, რომ ჩვენ, უკრაინას და მოლდოვას მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მოლოდინის მიხედვით ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხის მიმართ იქნება ობიექტური და სამართლიანი. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს და ამის გვჯერა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო.