ევროპარლამენტის ჯგუფების ლიდერები ევროპულ საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში დაამტკიცეს ევროპარლამენტის ჯგუფების ლიდერების განცხადება, რომელიც ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მივმართავთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების 23-24 ივნისის შეხვედრას, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა, სიმტკიცე და ხედვა ჩვენი ევროპელი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომისა და გაუარესებული საერთაშორისო გარემოს კონტექსტში. ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს, სოლიდარობის გამოხატვით მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერს იგივე იდეალებს.

უკრაინის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებენ ქართველი და მოლდოველი ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი და იმუშავოთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების ასასრულებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.