აშშ და საქართველოს ხელისუფლება არიან მოკავშირეები, ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით – ირაკლი ქადაგიშვილი 

განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები და მათი რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის მიმავალი გზისკენ აცდენას, რეალობას არ შეესაბამება – ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და აშშ არიან მოკავშირეები, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას აშშ-ის ელჩზე.

მან მედიას მოუწოდა, გაარკვიონ, ვინ არიან საქართველოს ოფიციალური პირები. კითხვაზე, რომ ეს არა მედიამ, არამედ ნედ პრაისმა თქვა და ფიქრობს თუ არა, რომ ნედ პრაისი ვერ ერკვევა ამაში, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური პირის განმარტება არსებობს.

„თქვენ მაჩვენეთ, საქართველოს ერთი ოფიციალური პირი, ვინც იმ რიტორიკას ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს ევროკავშირის მიმავალი გზიდან.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით არ არის ჯანსაღი ვითარება შექმნილი, რაც ფაქტი და მოცემულობაა. ხშირად ეს ვითარება დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე ვითხოვთ, რომ ეს ვითარება განიმუხტოს და ღია საუბარი იყოს.

ამდენი ხანია პარლამენტი მუშაობს 12 პუნქტის შესრულებაზე და რადიკალური ოპოზიცია უარს აცხადებს მუშაობაზე. ხომ შეიძლება, ერთი მკაფიო მესიჯი იყოს და არ იყოს მუდამ ორჭოფული მესიჯები, რომ ქვეყანა მუდამ ამ გზაზე გადიოდეს. დეპოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ და სულ ისეთი განცხადებები და ნაბიჯებია, რომელიც პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს. ერთი მკაფიო განცხადებაა საჭირო, რომ დავანებოთ თავი რევოლუციური სცენარების განვითარებას, დასხედით და ილაპარაკეთ. ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და აშშ არიან მოკავშირეები, წერტილია აქ დასმული. ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხები ხშირ შემთხვევაში არის არასწორად ინტერპრეტირებული, მიტანილი და დაბრუნებული საქართველოს მიმართ,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრობლემას ქმნის განცხადებები აშშ- ის მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე, მათ შორის მათი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, ქადაგიშვილი ამბობს, რომ არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით. ქადაგიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ გააკეთა ამაზე განცხადება და დეპუტატებმა, მათ შორის, ირაკლი კობახიძემ მხოლოდ ის თქვეს, რომ ამ ვითარებას ნათელი უნდა მოეფინოს, რადგან ეს ჩრდილს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

“გამოდის კონკრეტული მოსამართლე და ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვეს საელჩოს წარმომადგენლებმა, რაც კანონით აკრძალულია. ეს თქვა კონკრეტულმა მოსამართლემ, არ თქვა ირაკლი კობახიძემ,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.