როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია – პაატა მანჯგალაძე

იმ ტიპის რეჟიმისთვის, რაც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, საარსებო და სასიცოცხლო გარემო მხოლოდ რუსული ტიპის ჭაობში არსებობს, სწორედ ამიტომ მიათრევენ ქვეყანას რუსულ ჭაობში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით.

„ეს განცხადება მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება” უნდა იყოს ფრთხილად, როცა სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრობს, მით უმეტეს, როცა მას ლამის ომის დაწყება დააბრალონ, რაში სჭირდებოდათ იმ სამი დეპუტატის გამოყოფა, როცა კობახიძე და ღარიბაშვილი უფრო მეტ ანტიდასავლურ და დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ.

როცა ნედ პრაისი საუბარს იწყებს საქართველოს თემატიკით, ეს დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აშშ ძალიან გაბრაზებულია ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით. ისინი ამას აკეთებენ, რადგან არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია და ევროპული ინტეგრაცია,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას. მისივე განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა მოსახლეობის ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.