არის საკითხები, რომელიც ხვალვე შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში, ეს კომისია თვალის ახვევისთვისაა მოგონილი – რომან გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს. არ გვჭირდება ჩვენ ივანიშვილის ენით მოლაპარაკე „ტროიკა”. ჩვენ დაგველაპარაკოს ივანიშვილი და თქვას, როდის აპირებს თავი დაანებოს ფარულ ოლიგარქიულ მმართველობას და როდის უბრძანებს საკუთარ ხელქვეითებს, შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებში, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება, მათ შორის საუბარია „ივანიშვილის ჩამოცილებაზე”.

„ქართული ოცნების” მხრიდან არაერთ განცხადებას ვისმენთ, რომლის მთავარი შინაარსიც არის ის, თუ როგორ შეიძლება დრო გაწელონ დეკემბრის ბოლომდე. ივანიშვილის სიტყვებით რომ ვისარგებლოთ, კვლავ გამოიყენონ ის „ტრიუკები”, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ და 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს. გვთავაზობენ სასაცილო გეგმას, თურმე ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე. მათი წარმოდგენით, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, არ უნდა გააპროტესტო, მწვავე ლექსიკა არ უნდა გამოიყენო, ოღონდ, ისინი გაგინებენ, ვიღაც ხისთავა დეპუტატი რომ იყო და იგინებოდა- ამით გამოდის, რომ მათ ყველაფრის ნება აქვთ და თურმე, ჩვენ ხელჩამოშვებულები უნდა გავჩერდეთ და ამას უწოდებენ დეპოლარიზაციას. ნურას უკაცრავად, დეპოლარიზაცია ნიშნავს ყველა, 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას და არავითარი რიგითობა აქ არ არსებობს. არის საკითხები, რომელიც ხვალვე შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში. ჩვენ, შევთავაზებთ ჩვენ გეგმას, ამ გეგმის შინაარს მალე გაიგებთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, უამრავი საკითხია, რომელიც შეიძლება მიღებული იქნას დროულად, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნება.

მისივე განმარტებით, ყოველგვარი კომისიის შექმნის გარეშეც შესაძლებელია რამდენიმე პუნქტის შესრულება იმ 12 პუნქტიდან, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

„ბიუროკრატების ძალიან კარგი გამოთქმაა, თუ გინდა, რომ საქმე არ გააკეთო, უნდა შექმნა კომისია. ეს კომისია თვალის ახვევისთვისაა მოგონილი. არ მოვტყუვდებით მეორეჯერ”, – აცხადებს გოცირიძე.