აქციაზე ერთ-ერთი გამომსვლელი კატეგორიულ ტონში მოგვიწოდებდა ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯებისკენ და კითხულობდა იმ ციტატას, რომელიც კონსტიტუციაში ირაკლი კობახიძემ თავის ხელით ჩაწერა – გიორგი ამილახვარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციის მხრიდანაც იყოს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. მისი თქმით, პოლარიზაციას მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეამცირებს. საკითხთან დაკავშირებით მან „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ამ პუნქტების ჩამონათვალის უმრავლესობა, ბუნებრივია ხელისუფლების განსახორციელებელია, მაგრამ არის იქ რამდენიმე პუნქტი, განსაკუთრებით დეპოლარიზაციის ნაწილი, რომელიც მარტო ხელისუფლების მხრიდან ვერ შესრულდება. გაგახსენებთ, როგორი იყო შარლ მიშელის ხელშეკრულების დროს. ამ დოკუმენტის მთავარი სულისკვეთება იყო დეპოლარიზაცია, მაშინ როდესაც ამ დოკუმენტის ხელმოწერამ, პირიქით გააღრმავა პოლარიზაცია და დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი დღე და ღამ ჩართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების რყევაში, რომ როგორმე დისონანსი შემოეტანათ და გადატრიალება მოეწყოთ სახელმწიფოში. სამწუხაროდ, სარკისებურად, იგივე პათოსი გრძელდება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო აქცია, რომელიც გუშინ გაიმართა, და იმ გულწრფელი მრავალი ათასი ადამიანი, რომელიც მოსული იყო იმის დასადასტურებლად რომ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მიღებას, მე პირადად და ყველა ჩვენი თანაგუნდელი ვიზიარებთ მათ პოზიციას, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს ერთი საკითხი: გუშინდელი აქციაზე, როგორც სჩვევიათ „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პარტიებს, ამოფარებულნი იყვნენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილების უკან, რასაც ჰქვია ევროკავშირში წევრობა და შეფარულად ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური ელფერი მიეცათ და ვერც დამალეს, აქციის ბოლოს ნახეთ რა მოწოდებებიც იყო დამხობისკენ.

როგორ შეიძლება ჩვენ შევამციროთ პოლარიზაცია, როდესაც პირველივე განცხადებას ხელისუფლება აკეთებს, რომ ადეკვატურად იღებს ევროკომისიის გადაწყვეტილებას რეკომენდაციას, ყველა სექტორულ რეფორმას უწყვეტად აგრძელებს და ამის მზაობას ადასტურებს, შესაბამსიად ვამბობთ, რომ ვიმუშავებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, პარალელურად კი ოპოზიცია იწყებს შეფარვით აქციას და კიდევ 24-ში გვიანონსებს აქციას, რომელიც მიმართული უნდა იყოს მთავრობის შეცვლისკენ, რიგგარეშე არჩევნებისკენ, რომლის უკან არანაირი პოლიტიკური სამართლებრივი სარჩული არ არის და რაც მთავარია ეს არ არის მოსახლეობის დაკვეთა. ჩვენის მხრიდან არ იქნება ნაბიჯი, ქმედება და განცხადებაც კი გაკეთებული, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს პოლარიზაციას. ეს არანაირად არ შედის ახლა ჩვენს ინტერესებში, პირიქით ჩვენ გვინდა ვკონცეტრირდეთ ახლა საქმეზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც შექმნილია უკრაინის მოვლენებიდან გამომიდნარე, მაგრამ თუ ამ საკითხს ოპოზიციამაც არ შეუწყო ხელი, ბუნებრივია ამ კუთხით ხელისუფლებისკენ ისრის გადახრა, რომ თითქოს ჩვენ არ ვაკეთებთ რამეს პოლარიზაციის შესამცირებლად, მე მიმაჩნია არასამართლიანად და არაობიექტურად. ცინიზმის მწვერვალი იყო გუშინდელი აქციის ბოლო, სადაც ერთ-ერთ გამომსვლელი კატეგორიულ ტონში მოგვიწოდებდა ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯებისკენ და კითხულობდა იმ ციტატას, რომელიც კონსტიტუციაში ირაკლი კობახიძემ თავის ხელით ჩაწერა და გარანტირებულად საქართველოს საგარეო კურსი განამტკიცა კონსტიტუციით. ესაა ის ორმაგი სახე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ბუნებრივია პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება ოპოზიციის მხრიდანაც ობიექტური ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ამილახვარმა.