მინდა, უნგრეთის მთავრობის სახელით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ უკრაინა არის მსხვერპლი, რუსეთი კი – სასტიკი აგრესორი, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა, სადაც ნატო-ს სამიტი იმართება.
მისი თქმით, უნგრეთი გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა სამხედრო მხარდაჭერას არ გაუწევს.
„როგორც არაერთხელ მითქვამს, უნგრეთი უკრაინას არც იარაღს მიაწვდის და არც ჯარებს გაგზავნის”, – განაცხადა მადიარმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოკლე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც მხარეები მომავალში ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ამასთან, მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრელებს სჯერათ ნატო-ს ძალისა და ერთიანობის.
„ჩვენი საერთო ინტერესია ერთიანი ნატო-ს არსებობა და ჩვენ მზად ვართ, უნგრეთი კვლავ სანდო მოკავშირედ დავაბრუნოთ. უნგრეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის ხარჯების ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით და ქვეყანა 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის დახარჯვის მიზანს მიაღწევს”, – განაცხადა მადიარმა.

