სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის შესახებ რეფერენდუმი სომხეთში, შესაძლოა, იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუ სომხეთი ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით მიმართავს, ჯერჯერობით კი ქვეყანა ალტერნატივების ფორმირების პროცესშია.
მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ ქვეყანამ ალტერნატივის საკითხი დღეს გადაწყვიტოს.
„ჩვენ ამჟამად ალტერნატივის ფორმირების პროცესში ვართ. ამ კითხვას ჩვენს ხალხს ახლა ვერ დავუსვამთ. ამისთვის სომხეთმა, სულ მცირე, უნდა მიმართოს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით ან ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ რეფერენდუმის ჩატარება ლოგიკური და აუცილებელი იქნება“, – განმარტა სომხეთის პრემიერმა.
როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, „რუსეთსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ბაზრებზე სომხური პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები იმის გამო წარმოიშვა, რომ „სომხეთმა გადაწყვიტა, ჰქონდეს პოლიტიკური და ეკონომიკური ალტერნატივა“.
„სომხეთმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ ჩინეთთან, აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან. წარსულში სომხეთს არ ჰქონდა ან არ შეეძლო მსგავსი ურთიერთობა სხვა პარტნიორებთან. ეს არის პრობლემა. მე ვერ ვისაუბრებ რუსეთის გრძნობებზე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი პრობლემას სწორედ ამაში ხედავს: ან ექსკლუზიური ურთიერთობები, ან ისინი საერთოდ არ უნდა იყოს. ჩვენ ამ მიდგომას არ ვიზიარებთ და ვამბობთ, რომ ურთიერთობა ექსკლუზიური ვერ იქნება, მაგრამ ისინი უნდა იყოს. ეს ჩვენი ლეგიტიმური პოზიციაა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან, სომხეთის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მოსაზრებებზე იმის შესახებ, არის თუ არა სომხეთი რუსეთის კარგი ან ცუდი პარტნიორი.
„რით იყო სომხეთი ცუდი პარტნიორი 2022 წელს, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღში არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები? ვის რა დაუშავა სომხეთმა, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, ვის სჭირდება სომხეთიო? როგორ შეიძლება ამის თქმა სუვერენულ ქვეყანაზე? და ახლა ჩვენ ვაჩვენებთ, ვის სჭირდება სომხეთი. სომხეთი სჭირდებათ ჩინეთს, აშშ-ს, ირანს, ევროკავშირს, საქართველოს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და ყველა ეს პარტნიორი გვჭირდება ჩვენ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
