“დონალდ ტრამპის განკარგულებით, ეროვნული ისტორიის მუზეუმთან ახლოს ბანერები დაიდგმება წარწერით – “მუზეუმი ქვეყნის ისტორიის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა”-The Washington Post

 

აშშ-ის ისტორია – ყალბი თუ ნამდვილი? თეთრი სახლი ქვეყნის ისტორიის ობიექტური კვლევისა და გაშუქების თაობაზე სმითსონის ინსტიტუტთან არსებულ ეროვნული ისტორიის მუზეუმს ედავება, რომელიც აშშ-ის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებად ითვლება და რომელიც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ დავას ეხმაურება გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) 25 ივლისს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის განკარგულებით, ეროვნული ისტორიის მუზეუმთან ახლოს ბანერები დაიდგმება წარწერით – „მუზეუმი ქვეყნის ისტორიის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა“ (ავტორი – ჯონათან ედვარდსი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ პარასკევს განკარგულება გასცა, რომ სმითსონის ინსტიტუტთან არსებული აშშ-ის ისტორიის ეროვნული მუზეუმის მისასვლელებთან დაიდგას აბრები, რომლებიც დამთვალიერებლებს გააფრთხილებს – მუზეუმი არასწორად ასახავს აშშ-ის ისტორიას და სინამდვილეს ამახინჯებს. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ თეთრმა სახლმა მკვეთრად გააძლიერა კამპანია და კონტროლი იმ მიზნით, თუ როგორ უნდა იქნას გადმოცემული ქვეყნის ისტორია.

 

24 ივლისს გამოცემული აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება, რომელსაც წინ უძღოდა კონგრესში გამართული მოსმენები, ავალებს შინაგან საქმეთა მინისტრს დუგ ბურგუმს, რომ დროებით დადგას წარწერებიანი ბანერები აშშ-ის პარკების ეროვნული სამსახურის მიერ კონტროლირებულ იმ გზებზე (ტროტუარებზე), რომელთა მეშვეობით საზოგადოება მუზეუმში დადის. წარწერები უნდა შეიცავდნენ ინფორმაციას, თუ რატომ აკრიტიკებს თეთრი სახლი მუზეუმს და რა უნდა გააკეთოს აღნიშნულმა დაწესებულებამ, რომ ამერიკელმა მოქალაქეებმა თავიანთი სამშობლოს ისტორიის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ სმითსონის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართულ 16-თვიან ზეწოლის კამპანიაში ახალი ეტაპი იწყება. ამ ხნის განმავლობაში იყო მუქარები მუზეუმის კონტენტის შემოწმების, დაფინანსების შეწყვეტისა და დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე. ახლა კი თეთრი სახლი ცდილობს იზოლირება მოახდინოს იმ დაწესებულებისა, რომელსაც სამთავრობო პოზიციისაგან განსხვავებული ხედვები აქვს ქვეყნის ისტორიის მიმართ.

 

ისტორიკოსების აზრით, მთავრობის მხრიდან ისტორიისადმი ასეთი მიდგომა და ჩარევა უპრეცედენტოა.

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულება დაასაბუთა 4 ივლისს (აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს) შიდა პოლიტიკის საბჭოს (ხელმძღვანელი ვინს ჰეილი) მიერ წარმოდგენილი მოხსენებით, რომლის თანახმად, „სმითსონის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა აშშ-ის ისტორიას არ მიიჩნევს საერთო ეროვნულ მემკვიდრეობად და ამის ნაცვლად, ისტორიას იყენებს მთავარ ინსტრუმენტად სოციალური სამართლიანობის იდეის უადგილო გააქტიურებისა და ჩვენი საზოგადოების რადიკალიზებისათვის”.

 

თავის მხრივ, თეთრი სახლი უფრო შორს წავიდა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ  სმითსონის ინსტიტუტი და მისი ისტორიული მუზეუმი იხრება მარქსიზმზე დაფუძნებულ ექსტრემისტულ-პოლიტიკური აქტივიზმისაკენ, რათა ამერიკელები ერთმანეთის მიმართ არაკეთილმსურველებად დაჰყონ, დააბნიონ და მათი დემორალიზება მოახდინონ“. მასში ასევე ნათქვამია, რომ „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ამერიკელები მოწმენი გახდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორიის გადაწერა-გადახედვის არაკეთილსინდისიერი მცდელობებისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის მიუღებელი იდეოლოგიისა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიმართულია აშშ-ის გმირების დისკრედიტაციის და აშშ-ის მიღწევების დამდაბლებისაკენ“.

 

დონალდ ტრამპმა ასევე ბრალი დასდო მუზეუმს იმის უუნარობაში, რომ მას – ქვეყნის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად – არ შეუძლია ჯეროვნად დააფასოს იმ 56 ადამიანის ხსოვნა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და ამიტომ ავალებს მინისტრ დუგ ბურგუმს – მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით დადგას ბანერები, რომლებშიც მუზეუმის მიერ არასწორად წარმოდგენილი ფაქტები იქნება  შესწორებული და დაზუსტებული სახით“.

 

სმითსონის ინსტიტუტმა ვრცელ კომენტარზე უარი განაცხადა. მისმა ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მოხსენება ობიექტურად არ ასახავს ინსტიტუტის კოლექტივის მუშაობას, რომ მეცნიერ-თანამშრომლები ერთგულად ემსახურებიან სინამდვილეს და რომ მკვლევარების მუშაობა მიუკერძოებელია.

 

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ დემოკრატებში, რომლებიც ამ დაწესებულებას კურირებენ, გაცხარებული მსჯელობა და, ბუნებრივია, აღშფოთება გამოიწვია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა მელანი სტენსბერმა (ნიუ-მექსიკოს შტატიდან), რომელიც პალატის ადმინისტრაციული კომიტეტის გავლენიანი წევრია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება „ერთ-ერთი ყველაზე სულელური და უცნაური განკარგულებაა, რომელიც კი ოდესმე წაგვიკითხავს“.

 

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება აშკარად არის პოლიტიკური უფლებამოსილების გადაჭარბება, რომელსაც იდეოლოგიური საფუძველი აქვს. დონალდ ტრამპი ასეთი ნაბიჯებით თვითონ ცდილობს გადაწეროს ამერიკის ისტორია“, – წერს მელანი სტენსბერი „იქს“-ქსელში, – „სმითსონის ინსტიტუტი პრეზიდენტის პირადი საკუთრება არაა, ინსტიტუტი ამერიკელ ხალხს ეკუთვნის და საერთოდ, აშშ-ის ისტორიაც ამერიკელების საკუთრებას წარმოადგენს“.

 

სარა ვეიქსელმა, აშშ-ის ისტორიკოსთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მუზეუმის გარეთ რაიმე მასალების განთავსება „ამ დაწესებულებაში მომუშავე პროფესიონალების შეურაცხყოფა იქნება“, ხოლო მნახველთა გამაფრთხილებელი წარწერა-ბანერების დადგმა აშშ-ის დროშის მიმართ უპატივცემლობას წარმოადგენს. სარა ვეიქსელის თქმით, სმითსონის ინსტიტუტის წინააღმდეგ ადრეც იყო მსგავსი დამოკიდებულების მცდელობები, მაგალითად, იაპონიის ატომური დაბომბვის ფაქტის მიმართ, მაგრამ „ხელისუფლება ასე აქტიურად არასოდეს არ ერეოდა მუზეუმის საქმიანობაში და სინამდვილის ჭეშმარიტად ასახვაში“.

 

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოხსენება და მის საფუძველზე გამოცემული პრეზიდენტის განკარგულება იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან ვიწროდ და შეზღუდულად წარმოუდგენიათ ის, თუ რა არის და რას ნიშნავს პატრიოტიზმი… ჩვენი ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა კარგად იცოდნენ: ერისადმი სიყვარული დაკავშირებულია იმის გაცნობიერებასა და აღიარებასთან, სად იქნა შეცდომა დაშვებული და სად შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო“, – ამბობს სარა ვეიქსელი, – „ყველაზე ძალიან შემაშფოთებელი არის ის, რომ პრეზიდენტის კამპანია ძირს უთხრის სმითსონის ინსტიტუტის ავტორიტეტს – იმ დაწესებულებას, რომლის კვლევებს ამერიკელი პედაგოგები [და ლექტორები] 150 წლის განმავლობაში ნდობით ეკიდებიან. თეთრი სახლი, არსებითად, ამერიკულ საზოგადოებას არწმუნებს, რომ სმითსონის ინსტიტუტის კვლევები სანდო არ არის“.

 

კონსერვატორები, რომლებსაც დიდი ხანია სურდათ ცვლილებების განხორციელება სმითსონის ინსტიტუტში, დონალდ ტრამპის განკარგულებას მიესალმნენ, თუმცა ზოგიერთებს იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტი უფრო მეტს გააკეთებდა. როგორც მაიკ გონსალესი – „მემკვიდრეობითობის“ ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – ამბობს, მას ყველაზე მეტად ის მოსწონს, რომ განკარგულებაში ჩამოთვლილ თანამდებობის მქონე პირებს, შიდა პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელის ვინს ჰეილის ჩათვლით,  დაევალათ ისარგებლონ თავიანთი უფლებამოსილებით, რათა ინსტიტუტში იძულების წესით გამოასწორონ სიტუაცია“: „თუ ისინი მართლაც შეძლებენ და იძულების წესით დაამყარებენ წესრიგს ინსტიტუტში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება… ვფიქრობ, რომ ბანერებისა და აბრების დადგმა ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა“.

 

 

სმითსონის ინსტიტუტი, როგორც შერეული სახელმწიფო-კერძო საკუთრება, წარმოადგენს ფართო სამუზეიმო და კვლევით კომპლექსს და ისტორიოულად დამოპუკიდებელ სტატუსს ინარჩუნებსწ, ხოლო მისი საქმიანობისათვის თანხებს კონგრესი ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფს. მაგრამ რადგანაც საბოლოო ჯამში თანხა თეთრი სახლის საბიუჯეტო სამმართველომ უნდა გადარიცხოს ინსტიტუტის ანგარიშზე, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხარჯები პრეზიდენტის განკარგულებას უნდა შეესაბამებოდეს.

 

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ თეთრი სახლის ანგარიში და პრეზიდენტის მოქმედება იმაზე მიუთითებს, რომ „სმითსონის ინსტიტუტის მიმართ ზეწოლა გაგრძელდება, „მისი განახლების, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზივობის მიზნით“.

 

წყარო: