ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპი, ირანთან გამარჯვების ნაცვლად, ამერიკას ამცირებს” (ავტორი – ჯეიკ უოლის საიმონსი). “გარიგების დეტალები ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ მან აშშ-ის მოკავშირეები „გაყიდა“ და ირანს დაუმსახურებელი სარგებელი მისცა”, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
საერთოდ, რა აზრი ჰქონდა ირანთან ომს? ირანმა გაუძლო აშშ-ისრაელის ერთობლივ სამხედრო და ეკონომიკურ დარტყმას. ირანი, როგორც ჩანს, ცდილობს სწრაფად მოიკრიბოს ძალ-ღონე და ძლიერება აღიდგინოს. რა მოხდება დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გარიგების“ დადების შემდეგ, როცა ირანს სანქციები შეუსუსტდება იმ პრეზიდენტისაგან, რომელიც თავის წინამორბედ ბარაკ ობამას სწორედ ამისთვის აკრიტიკებდა და გმობდა?
ომამდე აშშ-ის შემკავებელი ფაქტორი შიშის მომგვრელი იყო. დონალდ ტრამპმა აიძულა „ჰამასი“ გარიგება დაედო მძევლების გათავისუფლებაზე ღაზას სექტორში და ეს მან მოახერხა მხოლოდ თავისი აპოკალიპტური რიტორიკით…. მაგრამ იგივე მეთოდმა ირანის შემთხვევაში არ გაამართლა. ვინ მიიღებს მის მუქარებს ახლა სერიოზულად? დონალდ ტრამპი ირანს საჯაროდ ემუქრებოდა – „ქვის საუკუნეში დაგაბრუნებთ… თქვენი ცივილიზაცია განადგურდება…“. კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპის მესაჭეობით ახლა უფრო დასავლური ცივილიზაცია არის მიყვანილი დაცემის პირას, ვიდრე ირანული.
28 თებერვალს დედამიწის ისტორიაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო პლანეტის ყველაზე ბოროტ რეჟიმს დაუპირისპირდა. ომის დაწყებიდან მეოთხე თვეს ჩვენ არ გვაქვს პასუხი ბირთვულ საკითხზე; ირანელი ლიდერები ისევ ხმამაღლა და გაგულისებით გველაპარაკებიან; ირანი თავისი ბალისტიკური რაკეტებით ისევ ურტყამს ისრაელს და არაბ მეზობლებს; არ არის მტკიცე გარანტიები იმისა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტით მანიპულირებას შეწყვეტს და მთავარი – ირანის მმართველი რეჟიმი იგივეა, არ დაცემულა – დონალდ ტრამპის ომახიანი განცხადებების მიუხედავად. ეს ვაშინგტონისთვის დამამცირებელია… მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ყველაფერს თვალს რუსეთი და ჩინეთი ადევნებენ, ეს დამცირება აშშ-სათვის უკიდურესად სახიფათოა. პასუხისმგებლობა ყველაფრისათვის დონალდ ტრამპს ეკისრება.
როგორც უკვე ცნობილია, არსებობდა გეგმა, რომლის თანახმად, ერაყელი ქურთები ირანის ქურთისტანში გადამწყვეტ როლს შეასრულებდნენ… კიდევ კარგი, რომ თურქეთის ისლამისტი ლიდერის საეჭვო ლობირება დროზე შენიშნეს და ოპერაცია შეაჩერეს.
შემდეგ იყო ჰორმუზის სრუტის ეპოპეა. ელიოტ აბრამსის – ირანისა და ვენესუელის საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი სპეცწარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტი თავის სამხედრო მრჩევლებს არ უსმენდა და საკუთარი ინტუიციის შესაბამისად მოქმედებდა.
ამრიგად, პრეზიდენტი თავიდანვე იგნორირებდა მთავარ სამხედრო პრობლემასთან დაკავშირებულ მომენტებს და უკეთესის იმედი ჰქონდა. პირიქით კი გამოუვიდა – უარესი მიიღო. მაგრამ ეს ყველაფერი დონალდ ტრამპს არ ადარდებს: მან თეთრი სახლის წინ UFC-ის ორთაბრძოლები მოაწყო. ირანელი მოლები აშშ-ის პრეზიდენტის მოქმედებას, ალბათ, ირონიით უყურებენ.
დონალდ ტრამპი აშკარად აგდებულად ეპყრობოდა არამარტო თავის მრჩევლებს, არამედ თავისი მოკავშირეებსაც. ევროპა, რომელსაც ისედაც თავისი ჩრდილისა ეშინია, არ ჩაება დონალდ ტრამპის ომში – აიათოლების რესპუბლიკის ლონდონის ოფისი ღიაა, ხოლო მათი ელჩი თავის საქმიანობას ძველებურად აგრძელებს. აშშ-ის მოკავშირეები სპარსეთის ყურეში ერთმანეთში უთანხმოება აქვთ, თურქეთმა და პაკისტანმა კი უდიდესი გავლენები მოიპოვეს. ეს ამერიკის პრეზიდენტისათვის ლიდერობა ნამდვილად არ არის, ეს არის მისი არაკომპეტენტურობა.
ყველაზე უარესი ისაა, რომ ისინი, ვისაც პრეზიდენტის სჯეროდათ, დონალდ ტრამპმა, ფაქტიურად, სასიკვდილოდ გაწირა – ირანელები. გახსოვთ, როგორ დაწერა დონალდ ტრამპმა იანვარში, როცა ირანში მასობრივი მიტინგები და დემონსტრაციები მიმდინარეობდა: „ირანელო პატრიოტებო, გააგრძელეთ საპროტესტო აქციები, დაიკავეთ სახელმწიფო დაწესებულებები… დახმარება უკვე გზაშია!“. ზოგიერთებ მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაეღოთ. ახლა კინ პრეზიდენტი იძახის, რომ „ირანის რეჟიმის შეცვლაზე მე საერთოდ არ მიფიქრიაო“. მადლობა პრეზიდენტს ამისათვის!
ისრაელთან დაკავშირებით: ებრაული სახელმწიფო ძალიან დაზარალდა იმ არასასიამოვნო ნარატივით, რომ დონალდ ტრამპი ირანთან ომში თითქოსდა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩაითრია და თან რაღაც-რაღაცეებს უმალავდა. ირანის მმართველი რეჟიმი კი ოსტატურად სარგებლობდა ამ სიტუაციით: მოლაპარაკების ყველაზე დაძაბულ მომენტებში თეირანის ერთგული მარიონეტი „ჰეზბოლა“ ისრაელის პროვოცირებას ახდენდა, რომელიც თავის მხრივ, სამხრეთ ლიბანს ურტყამდა და ამით იოლად მიმნდობ დონალდ ტრამპის გაბრაზებას იწვევდა. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეამკო ისრაელის პრემიერი „ტკბილი სიტყვებით“ და მას „მძიმე ხასიათის მქონე ბიჭი“ უწოდა, რომელსაც „ჭკუის ნატამალი არ აქვს“. მოკლედ, თეირანი აშშ-ის მოკავშირეებს შორის უთანხმოებას აღვივებს, პრეზიდენტი კი ამას თითქოს ვერ ხედავს.
ამიტომაც „ჰეზბოლა“ თავისას აგრძელებს: ბომბავს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას. როგორ რეაგირებას მოახდენს დონალდ ტრამპი, თუ ისრაელი, დროებითი ზავის დროს, საპასუხო ზომებს მიიღებს? ბენიამინ ნეთანიაჰუ ისევ „ტკბილ“ ეპითეტებს დაიმსახურებს აშშ-ის პრეზიდენტისაგან. უკვე აშკარად შესამჩნევია, რომ დონალდ ტრამპი სულ უფრო ხშირად ადანაშაულებს ბიბის და ამით, ფაქტიურად, ირანის მხარეზე დგება.
შემაძრწუნებელია, ხომ? ირანმა ნათელი გაკვეთილი ჩაატარა: ისრაელიდან სპარსეთის ყურემდე, ლონდონიდან ბერლინამდე… ჰენრი კისინჯერი გამაფრთხილებლად აცხადებდა ვიეტნამის ომის დროს: „მსოფლიოს ხალხებში ხმა გაგვივრცელდება, რომ აშშ-სთან მტრობა შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ აშშ-სთან მეგობრობა უფრო უარესი იქნება – საბედისწერო“.

