“ჟურნალისტებო, ისაუბრეთ და იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ” – რომის პაპი

სამი მსოფლიო ომი ერთ საუკუნეში! ერთი 1914-1918 წლებში, ერთი – 1939-1945 და ეს ომი! ეს არის მსოფლიო ომი, რადგან მართალია, როდესაც იმპერიები ან ერთ ან მეორე მხარეს სუსტდებიან, ისინი აწარმოებენ ომს, რათა თავი ძლიერად იგრძნონ – და ასევე გაყიდონ იარაღი! – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი უბედურება იარაღის ინდუსტრიაა.

რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი სიყვარული აქვს როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხის მიმართ.

„დიდი სიყვარული მაქვს რუსი ხალხის მიმართ და ასევე დიდი სიყვარული მაქვს უკრაინელი ხალხის მიმართ. ძალიან დიდი სიყვარული მაქვს უკრაინული ლიტურგიის მიმართ. ორ ხალხს შორის ვარ, რომელიც მიყვარს. წმინდა საყდარს ჰქონდა ბევრი კონფიდენციალური შეხვედრა, ბევრი კარგი შედეგი. არ შეიძლება უარვყოთ, რომ ომი, თავიდანვე, შესაძლოა, გვამამაცებს, მაგრამ შემდეგ ის გვღლის და ტკივილს გვაყენებს. ჩვენ ვხედავთ ბოროტებას, რასაც ომი აკეთებს”, – აღნიშნა რომის პაპმა.

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო დროს, ან აპირებდა თუ არა მასთან საუბარს, რომის პაპმა უპასუხა, რომ ომის დაწყების მეორე დღეს მან სცადა პუტინთან კომუნიკაცია.

„ომის დაწყებიდან მეორე დღეს მივედი რუსეთის საელჩოში, ელჩთან სასაუბროდ. მე მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი მოსკოვში წავსულიყავი პუტინთან სასაუბროდ, თუ საჭირო გახდებოდა. ლავროვმა მიპასუხა ძალიან თავაზიანად – “გმადლობთ” და რომ ეს არ იყო საჭირო იმ მომენტისთვის“,- განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, წმინდა საყდარი მხარეებთან მუშაობს პატიმრების საკითხზე და ეს არის ის, რასაც ყოველთვის აკეთებს. ამასთან, პაპმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ომების წინააღმდეგ იბრძოლონ.

„თქვენ, ჟურნალისტებო, იყავით პაციფისტები, ისაუბრეთ ომების წინააღმდეგ, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ. როგორც ძმა, ისე გთხოვთ ამას“, – აღნიშნა პაპმა.